აქტუალური
დემოკრატიის ამ ხარისხის პირობებში უმრავლესობის ერთ ხმაზე ყოფნა გამორიცხულია და არასასურველიც არის - პრემიერი კვირიკაშვილი

     საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. აბსოლუტურად ბუნებრივია ის პროცესები, რომლებიც დღეს პარლამენტში მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დეპუტატ გედევან ფოფხაძის მიერ უმრავლესობის დატოვების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. პრემიერის თქმით, აზრთა სხვადასხვაობა, რა თქმა უნდა, იქნება და სრულიად არაბუნებრივია, 115-კაციანი უმრავლესობა აბსოლუტურად ერთ ხმაზე იყოს ყველა საკითხთან დაკავშირებით.
2012 წლის შემდეგ საქართველოში შეიქმნა სრულიად ახალი რეალობა და ქვეყანა მართლაც დემოკრატიის გზას დაადგა. დღეს არის სრულიად სხვა ხარისხის თავისუფლება. არჩევნები არის თავისუფალი, მედია არის თავისუფალი, არასამთავრობო სექტორი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია და ამ გარემოში სრულიად არაბუნებრივია, რომ 115-კაციანი უმრავლესობა აბსოლუტურად ერთ ხმაზე იყოს ყველა საკითხთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ ისეთ ქვეყანაში და იმ დემოკრატიის პირობებში ცხოვრებას ვსწავლობთ, რომლის მსგავსიც, პრინციპში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. ამიტომ აბსოლუტურად ბუნებრივია ის პროცესები, რომლებიც დღეს პარლამენტში მიმდინარეობს. აზრთა სხვადასხვაობა, რა თქმა უნდა, იქნება“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, ის შეხვდა გედევან ფოფხაძეს და სთხოვა, არ დაეტოვებინა უმრავლესობა.
ძალიან დამწყდება გული, თუ გედი ფოფხაძე დატოვებს უმრავლესობას. მე მას შევხვდი და ვთხოვე, არ დაეტოვებინა უმრავლესობა და იმედი მაქვს, არ დატოვებს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, დემოკრატიის ამ ხარისხის პირობებში უმრავლესობის ერთ ხმაზე ყოფნა გამორიცხულია და არასასურველიც არის. ვფიქრობ, ეს არის ჩვენი სიმდიდრე, ეს არის მონაპოვარი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო და ამ მონაპოვარს სხვა ტიპის მართვაც სჭირდება“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისი განმარტებით, არის საკითხები, როდესაც კონსოლიდაცია საჭიროა, როგორიც იყო, მაგალითად, კონსტიტუციის მიღებისას, მაგრამ არის საკითხები, როდესაც ვერ მოხერხდება გუნდის ყველა წევრის ერთ აზრზე შეჯერება. პრემიერის განცხადებით, არანაირი განხეთქილება უმრავლესობაში არ არის.
ასეთ დროს არის ხოლმე თავისუფალი კენჭისყრაც და .. ამიტომ შეხედეთ ამას, როგორც სიმდიდრეს, მონაპოვარს და არავითარ შემთხვევაში არაროგორც რაიმე განხეთქილების საბაბს. არანაირი განხეთქილება უმრავლესობაში არ არის, არის ძალიან ნორმალური, დემოკრატიული პროცესი... რა თქმა უნდა, ეს უცხოა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამაზე სპეკულირებენ და ცდილობენ, წარმოაჩინონ, როგორც განხეთქილება. ეს მათთვის უცხოა, რადგან ხელისუფლებაში მათი ყოფნის პირობებში ასეთი რამ შეუძლებელი იყო. შესაბამისად, ის განსხვავება, რომელიც დღეს გვაქვს, არის ჩვენი ქვეყნის ნამდვილად ძალიან დიდი მონაპოვარი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. როგორც გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, მისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად მმართველი გუნდის მხრიდან ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერას უკავშირდება.