უცხოეთი
დონალდ ტრამპი - სირიაში ქიმიურ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პრეზიდენტ პუტინს, რუსეთს და ირანს ეკისრება

     საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. სირიაში ქიმიურ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პრეზიდენტ პუტინს, რუსეთს და ირანს ეკისრება. ეს განცხადება Twitter-ის გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკეთა.
მისი თქმით, სირიაში მოწყობილი ქიმიური თავდასხმის დროს უამრავი ქალი და ბავშვი დაიღუპა. ტრამპის განცხადებით, დამნაშავეები საფასურს გადაიხდიან. აშშ-ის ლიდერი მოუწოდებს სირიას, რუსეთს და ირანს უზრუნველყონ დაზარალებულებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.
„სირიაში მოწყობილ მორიგ უგუნურ ქიმიურ თავდასხმას უამრავი ბავშვი და ქალი შეეწირა. დანაშაულის ადგილი ჩაკეტილია სირიის არმიის მიერ და ის გარე სამყაროს მოწყვეტილია. პრეზიდენტი პუტინი, რუსეთი და ირანი პასუხისმგებელნი არიან მხეცი ასადის მხარდაჭერის გამო. ამას მოჰყვება საფასური. დაუყოვნებლივ გახსენით ადგილამდე მისასვლელი გზა სამედიცინო დახმარებისთვის. კიდევ ერთი ჰუმანიტარული კატასტროფა არაფრის გამო“, – წერს ტრამპი Twitter-ის გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ სირიაში მყოფი მოხალისეებისა და ექიმების ცნობით, სირიის არმიამ ქალაქ დუმაში მომწამვლელი გაზი გაუშვა, რასაც 40-დან 150-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მოსკოვსა და დამასკოში ქიმიურ თავდასხმას უარყოფენ.

1tv.ge