უცხოეთი
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო- სირიის აეროდრომზე საჰაერო იერიში ისრაელის ავიაციამ მიიტანა

     საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სირიის აეროდრომზე საჰაერო იერიში ისრაელის ავიაციამ მიიტანა. რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის კუთვნილმა F-15-ის ტიპის ორმა თვითმფრინავმა აეროდრომ „ტიფორზე“ დარტყმა ლიბანის ტერიტორიიდან განახორციელა.
ჰომსის პროვინციაში მდებარე სამხედრო აეროდრომზე სარაკეტო დარტყმა ორშაბთს გამთენიისას განხორციელდა. ტელეკომპანია „ალ არაბიას“ ცნობით, აეროდრომზე ისრაელის ავიაციის დარტყმას 14 სამხედრო ემსხვერპლა, მათ შორის რამდენიმე ირანელი მრჩეველი.
ისრაელის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი სირიის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო დარტყმასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
აშშ-მა და საფრანგეთმა სირიის აეროდრომის დაბომბვასთან კავშირი უარყვეს.

1tv.ge