საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა სააღდგომო ქადაგებისას ეკლესიაში აუცილებლად განსახორციელებელ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება. მან სამი მთავარი მიმართულება გამოყო, რა მხრივაც რეფორმები უნდა გატარდეს.
ესენია: I. სტრუქტურული სრულყოფა და ადმინისტრირება; II. საეკლესიო და რელიგიური განათლების პოლიტიკის საკითხები; III. ეკლესიის სოციალური დოქტრინა.
პირველ ნაწილში მიტროპოლიტი გრიგოლი წმინდა სინოდის როლის ზრდაზე, სასულიერო პირთა რაოდენობის დასაზუსტებლად აღრიცხვიანობასა და რიგ საკითხებთან მიმართებაში საერთო პოზიციის ჩამოყალიბებაზე ლაპარაკობდა.
მეორე პუნქტის შესახებ მიტროპოლიტმა თქვა, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს მრევლის რელიგიური განათლების საკითხებს. ამასთან, დასძინა, რომ პოსტსაბჭოთა ქართველი საზოგადება ხასიათდება კრიტიკული აზროვნების დიდი დეფიციტით, რომლის აღმოფხვრაც გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს.
რაც შეეხება მესამე ნაწილს, მიტროპოლიტი გრიგოლის აზრით, ეკლესიის საზოგადოებრივი ფუნქციის უკეთ გამოკვეთის მიზნით აუცილებელია ეკლესიის სოციალური მისიის შემუშავება.
"სოციალური დოქტრინა უნდა მოიცავდეს ეკლესიის ფუნდამენტურ შეხედულებებს ომის, ტერორის, ეკოლოგიის, ეკონომიკის, ბიოეთიკის, ადამიანის უფლებების და ა.შ. შესახებ. ვფიქრობთ, საჭირო იქნება, წმიდა სინოდის შესაბამისი კომისიის ფარგლებში შემუშავდეს სოციალური დოქტრინის მონახაზი, რომლის განხილვას მიეძღვნება წმიდა სინოდის სპეციალური სხდომა", - ამბობს მიტროპოლიტი გრიგოლი.
მიტროპოლიტის ქადაგების ტექსტი Facebook-ზე ფოთისა და ხობის ეპარქიის გვერდზე გავრცელდა.