სამართალი
„ქართული მარშის“ დაკავებული წევრების გათავისუფლების მოთხოვნით „რუსთავი 2-თან“ აქცია გაიმართა

     საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. „ქართული მარშის“ დაკავებული წევრების გათავისუფლების მოთხოვნით „რუსთავი 2-თან“ აქცია გაიმართა. „ქართული მარშის“ და რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები სამაუწყებლო კომპანიის შენობასთან შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეებმა სამოქალაქო პეტიცია წაიკითხეს, სადაც აღნიშნულია, რომ დაკავებული პირები უდანაშაულოები არიან. მათი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქციები და შენობების პიკეტირება პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
„რუსთავი 2-თან“ სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „ქართული მარშის“ წევრებმა, რომლებიც გიორგი გაბუნიას საკადრო ტექსტის შინაარსს აპროტესტებდნენ, სამაუწყებლო კომპანიის იურისტის მანქანა ალყაში მოაქციეს და გაბუნიასა და თამთა მურადაშვილს დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გადაადგილების უფლებას არ აძლევდნენ.
დაპირისპირების შედეგად "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს დავით ერაძეს „ქართული მარშის“ წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.