თბილისის ერთ–ერთ ძველ უბანში, წმიდა გიორგის ტაძრის ეზოში, ფანერებით შემოღობილ კუთხეში ლიანა მარქაროვა, უკვე 7 წელია, ცხოვრობს. 67 წლის ქალბატონი უბინაოდ დარჩა, როცა მისი ერთადერთი შვილი დააპატიმრეს და მის დასახსნელად ამავე უბანში მშობლებისგან დანატოვარი ბინა გაყიდა საპროცესო გარიგებისთვის, რათა შვილისთვის პატიმრობის წლები შეემსუბუქებინა.
ლიანა მარქაროვი:– ჩემმა შვილმა კომპიუტერი მოიპარა, რომელიც დავაბრუნებინე, თუმცა 9 წლით მაინც ჩასვეს ჯერ გლდანის, შემდეგ უკვე ქსნის ციხეში. ბინა გავყიდე და მას შემდეგ ამ ეკლესიის ეზოში ვზივარ, უცხო ხალხს მოაქვს ჩემთვის ცოტაოდენი შეშა, რომლითაც ვთბები და საკვები. ეკლესიაში მოსული მრევლი ხურდებს მაძლევს, რასაც შემდეგ ჩემს შვილს ვურიცხავ ბარათზე, რომლითაც შეუძლია ციხეში საჭმელი იყიდოს.
– ალბათ, სოციალურად დაუცველი ოჯახების სიაში ხართ, მერია არაფრით გეხმარებათ?
– არ ვარ სოციალურად დაუცველი ოჯახების სიაში, სოცაგენტები კი არა, თავად თბილისის მერმა მნახა და მითხრა მონასტერში წადი, ჭერი გექნება თავზეო, ერთ ქოხს ვერ იმეტებს ჩემთვის ეს ხელისუფლება და მონასტერში წასვლას მთავაზობს. ჰოლანდიელმა ქალმა მნახა შემთხვევით, რომელიც ყოველ დღე მოდიოდა ჩემთან და რითაც შეეძლო, მეხმარებოდა, მაშინ, როცა ჩემს მთავრობას არც ვაღელვებ.
მერიის დაქვემდებარებაში მყოფ სოციალურ სააგენტოში დაბნეულად გვპასუხობენ: ადამიანს სახლი არ აქვს და სად მივიდნენ და რა შეამოწმონო?!