საზოგადოება
უგულავა მაწანწალა ძაღლებით ფულს ათეთრებს, თბილისელები კი ჩინური დელიკატესით იკვებებიან

Street_Dogsმაწანწალა ძაღლების პრობლემა რომ რამდენიმე ათეული წლის მანძილზე ვერ მოგვარდა, ამის შეხსენება მკითხველისთვის, ალბათ, ზედმეტი იქნება. თუმცა საკითხავია, სად მიჰყავთ დედაქალაქის მერიის წარმომადგენლებს დაჭერილი ძაღლები და რა იმალება ამ პრობლემის უკან.

საქინფორმის ინფორმაციით, დაჭერილი ძაღლების სასწრაფო ლიკვიდაცია ხდება და მათ ხორცს სხვადასხვა არალეგალურ ხორცპროდუქტების მწარმოებელ დაწესებულებებში ამუშავებენ, შემდეგ კი საქონლის ხორცად ასაღებენ და ისე ჰყიდიან.

ცხადია, თბილისის მერიაში ამ ინფორმაციას არავინ დაადასტურებს, თუმცა უწყებიდან საჯარო ინფორმაციის მოპოვებაც კი შეუძლებელი აღმოჩნდა, ამიტომ საქინფორმი ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების ხელმძღვანელს – თემურ წიქორიძეს დაუკავშირდა, რომელიც აღნიშნული პრობლემის შესახებ საკმაოდ კარგად ინფორმირებული აღმოჩნდა.

როგორც წიქორიძე აცხადებს, მაწანწალა ძაღლების პრობლემა სპეციალურად არ გვარდება, რადგან ამით დიდი ფული იშოვება, როგორც ძაღლების ხორცის, ასევე იმ ვაქცინის მეშვეობით, რომელიც ცოფით დაავადებულის ასაცრელადაა საჭირო.

„თბილისში სამი ბრიგადა მუშაობს ძაღლების დაჭერაზე, რომლებიც ფსიქიურად არამდგრადი ადამიანებისგან შედგება. ისინი, ძირითადად, ლეკვებზე არიან ორიენტირებული, რომელთაც დაჭერისთანავე ხოცავენ. თვეში დაახლოებით, 4000 ძაღლს კლავენ, შემდეგ კი სად მიდის ამ ძაღლების ლეში, გაურკვეველია. მერიიდან საჯარო ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელია, ამიტომ მაქვს გარკვეული ინფორმაციაც და საფუძვლიანი ეჭვიც იმისა, რომ ამ ძაღლების მეშვეობით ფულის გათეთრება ხდება და მათი ხორცი სხვადასხვა საწარმოებში ბარდება“, – აცხადებს წიქორიძე.

მისივე თქმით, ცოტა ხნის წინათ ორგანიზაციამ სხვა მტკიცებულებებთან ერთად პროკურატურას ვიდეომასალაც წარუდგინა, რომელიც ძაღლების მიმართ სასტიკ მოპყრობას და ცხოველების მასიური მკვლელობის ფაქტებს ასახავდა, თუმცა პროკურატურამ მტკიცებულებები არასაკმარისად მიიჩნია... ეს პრობლემა ადვილად მოგვარებადია, ამისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებიც გამოთქვამენ მზადყოფნას და 2–3 წელიწადში მაწანწალა ძაღლების პრობლემა საერთოდ აღარ გვექნება. მაგრამ ეს აქ არ აწყობთ, იმიტომ, რომ ძალიან შავი საქმეა და ამით ფულს ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირები შოულობენ“.

არსებული ინფორმაციით, ბიუჯეტიდან მაწანწალა ძაღლების ვაქცინაციაზე 1 მლნ 600 ათასი ლარი გამოიყო, თუმცა წიქორიძის თქმით, ვაქცინა მხოლოდ 11 ძაღლს გაუკეთეს, რაც ასევე არ შედის მერიის კომპეტენციაში და ის მხოლოდ ძაღლების დაჭერასა და იზოლაციაზეა პასუხისმგებელი.