საზოგადოება
ბათუმის პორტში თანამშრომელთა საპროტესტო აქცია გრძელდება

     საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. ბათუმის საზღვაო ნავსადგურის თანამშრომლები შიმშილობის აქციას განაგრძობენ. „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტის ინფორმაციით, პორტის ადმინისტრაციის შენობაში ამჟამად შიმშილობს 8 თანამშრომელი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას მეთვალყურეობას უწევენ ნავსადგურის ამბულატორიის ექიმები. 3 აპრილს დილიდან პორტის ადმინისტრაციის შენობასთან ასზე მეტი თანამშრომელი შეიკრიბა. მათ მოშიმშილე კოლეგებს სოლიდარობა გამოუცხადეს და მუშაობა შეწყვიტეს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ მუდმივი კონტრაქტების შენარჩუნებას და ბათუმის საზღვაო ნავსადგურის გენერალური დირექტორის დანიარ მუამედ რახიმის გადადგომას. გაფიცულები ამბობენ, რომ საპროტესტო აქციას მოთხოვნების შესრულებამდე არ შეწყვეტენ. პროფკავშირების ინფორმაციით, პორტის თანამშრომლებისთვის მიუღებელია გენერალური დირექტორისგან შეთავაზებული ე.წ. აუთსორსინგი, რაც ითვალისწინებს თანამშრომლების ხელშეკრულებით დასაქმებას საზღვაო ნავსადგურში მიწვეულ კომპანიებში. ბათუმის პორტს მართავს ბათუმის ნავთობტერმინალი, რომლის მფლობელი 2008 წელს გახდა ყაზახეთის ნაციონალური კომპანია „ყაზმუნაიგაზის“ შვილობილი კომპანია „ყაზტრანსოილი.“