პოლიტიკა
2018 წლის 3 აპრილს სააკაშვილმა საქართველოში და ხელისუფლებაში დაბრუნების შესახებ პირველი კონკრეტული განცხადება გააკეთა

   საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. ხელისუფლება საქართველოში უნდა შეიცვალოს წელსვე საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ - ეს განცხადება, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გააკეთა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პარტიის სახელით ვიდეომიმართვა გაავრცელა.
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ამბობს, რომ ის ქვეყანაში დაბრუნდება და იმ დაპირებების შესრულებას აპირებს, რომლებსაც ის მოსახლეობას აძლევს.
მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვის დროს ილაპარაკა იმ მძიმე სოციალური ფონის შესახებ, რომელშიც ქვეყნის მოსახლეობა ცხოვრობს. სააკაშვილი აცხადებს, რომ აქვს კონკრეტული გეგმა, როგორ გაუმჯობესდეს სოციალური მდგომარეობა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ის გუნდის წევრებთან ერთად შეძლებს, დაამარცხოს საქართველოში არსებული „მაფია“.
სააკაშვილის თქმით, ხელისუფლების შეცვლისთანავე უნდა გაიზარდოს მასწავლებლების ხელფასი, ხოლო პოლიციელთა მინიმალური ხელფასი 2000 ლარი უნდა გახდეს. მისივე განცხადებით, პენსია უნდა გახდეს 400 ლარი.
ჩვენ ამ მაფიას, მე, მიხეილ სააკაშვილი, ამ მაფიას ვეუბნები, რომ ჩვენ გავაუქმებთ თქვენს მმართველობას, ჩვენ დავუბრუნებთ ეკონომიკურ ძალაუფლებას ქართულ ოჯახებს, თითოეულ ქართველს და ნამდვილ ქართულ ბიზნესებს, წვრილმან და საშუალო ბიზნესებს. როდესაც ჩვენ ამას მივაღწევთ, ეს მოგვცემს საშუალებას, გავზარდოთ ხელფასები.
მე ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, და ხელისუფლება საქართველოში უნდა შეიცვალოს წელსვე საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოში მინიმალური პენსია იქნება 400 ლარი და ეს არის ძალიან ადვილი.
ამას ვამბობ ადამიანი, რომელმაც გაზარდა 11-ჯერ პენსია საქართველოში, ბევრად მეტად გავზრდიდი, რომ დამცლოდა მაშინ.
დღეს პენსიონერი ყველაზე მეტად არის განადგურებული, ვერ ყიდულობს წამლებს, იმიტომ რომ ესეც ივანიშვილმა იგდო ხელთ. 400 ლარიც ძალიან ცოტაა. მეორე უმნიშვნელოვანესი ასპექტი არის განათლება, მასწავლებლებს მუდმივად ვუზრდიდით ხელფასებს, არა ისე, როგორც მე მინდოდა, ხელისუფლების გამოცვლის შემდეგ იმავე დღეს შესაძლებელია, მასწავლებლების ხელფასი გახდეს მინიმუმ 1000 ლარი.
პოლიციელები - პოლიციელები არიან დღეს ყველაზე გაუბედურებულ მდგომარეობაში, კრიმინალმა იმატა, მათ უფროსობა აძლევს უკანონო დავალებებს. პოლიციელის მინიმალური ხელფასი, იმ რისკის გათვალისწინებით, რომელიც აქვს ამ პროფესიას, მინიმალური ხელფასი პოლიციელის გახდება 2000 ლარი, -აცხადებს სააკაშვილი.
მინდა,ნაციონალური მოძრაობისსახელით მოგმართოთ ქვეყანაში შექმნილ ეკონომიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მდგომარეობა არის კატასტროფული და გული მიკვდება, როცა ვუყურებ ქართული ოჯახების გაჭირვებას.
ამ გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობას აქვს თავისი კონკრეტული გამომწვევი მიზეზი და ეს მიზეზი არის ის მაფია, რომელიც ჩამოყალიბდა ეკონომიკის მართვის პროცესში. საქმე იმაშია, რომ ივანიშვილი საქართველოში აკეთებს ზუსტად იმავეს, რაც მან იცის 90-იანი წლების რუსეთიდან. კერძოდ, ის მოელაპარაკა რამდენიმე ბანკს და რამდენიმე ბანკის მეშვეობით დაკავებულია ქართული ეკონომიკის გაჩანაგებით, ყველაფრის ხელში ჩაგდებით, თითოეული ქართული ოჯახის ამ ბანკების მევალედ ქცევით, - აცხადებს სააკაშვილი.
სააკაშვილის თქმით, ამ ფაქტორების გათვალისწინებით მოხერხდება, შეჩერდეს ქვეყნიდან ხალხის გადინება. სააკაშვილის განცხადებით, ის თავად აპირებს საქართველოში ჩამოსვლას და ამ მიმართულებით მუშაობას.
მე ვაპირებ, ამით დავკავდე მე თვითონ. ახლა ისინი ჩემზე შემდგომ საქმეებს აღძრავენ, მხოლოდ იმ მიზნით, რომ არც ვიფიქრო საქართველოში ჩასვლა. ვერ მოესწრებით, მე ჩამოვალ საქართველოში და ყველა ამ პროგრამას მე განვახორციელებ ჩვენს გუნდთან ერთად, მე არ მივატოვებ ქართველ ხალხს განსაცდელში. მაფიის თარეში უნდა დასრულდეს, საქართველო უნდა გათავისუფლდეს და ამოისუნთქოს შვებით, - აცხადებს სააკაშვილი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.