საზოგადოება
ჩვენი ქვეყნის გამთლიანება იყო და რჩება ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად და ქვეყნის დეოკუპაცია არის №1 ამოცანა ჩვენი ხელისუფლებისთვის! - პრემიერი კვირიკაშვილი

     საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. ეს განცხადება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსთავში, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საქალაქო კონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ ერთის მხრივ, სტაბილურობით და მეორეს მხრივ, თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკით მოხდეს ქვეყნის გაერთიანება.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ის, რომ შევინარჩუნოთ ქვეყანაში სტაბილურობა იმ პრაგმატული და თანმიმდევრული პოლიტიკით, რომელსაც ვახორციელებთ. ჩვენი საგარეო და შიდა პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ ერთის მხრივ, სტაბილურობით და მეორეს მხრივ, თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკით მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდეს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება შეუქცევადი გახდეს და მივაღწიოთ აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების განვითარების დონეს. ამისთვის გვჭირდება სტაბილური განვითარების კიდევ არა ერთი წელი და ჩვენ თანმიმდევრულად, თქვენთან ერთად, ამ ამოცანას შევასრულებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.