სამართალი
ე.წ. გირგვლიანის შესწორებების ინიციატივას მხარი დავუჭირე, თუმცა დღემდე რამე რეალური დოკუმენტი ხელთ არ გვაქვს - პრეზიდენტი მარგველაშვილი

     საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. „გირგვლიანის შესწორებების” განხორციელების ინიციატივას მხარი დავუჭირე, თუმცა დღემდე რამე რეალური დოკუმენტი, რომლის თაობაზეც საუბარს შევძლებდით, ხელთ არ გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც ე.წ გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით ადმინისტრაციასა და ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
პრეზიდენტმა წინა ხელისუფლების დროს არსებულ სისტემურ დანაშაულზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური შეფასების გარდა, პარლამენტმა 2012 წელს საკანონმდებლო აქტიც შექმნა, რომელშიც პოლიტიკური დევნის ფაქტები და პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანების სიაც იყო, თუმცა საქმე ამ ნაბიჯის იქით არ წასულა.
ეს ის ფენომენია, რასაც ჩვენ სისტემური დანაშული ვუწოდეთსახელმწიფოს, სამართალდამცავი სისტემის და სასამართლოს ერთობლივი მოქმედება, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებებს არღვევდა და ჩვენი მოქალაქეების მიზანმიმართულ პოლიტიკურ დევნას ახორციელებდა. ეს ფენომენი საზოგადოებამ შეაფასა, როგორც ძალადობა და სისტემური დანაშაული.
პოლიტიკური შეფასების გარდა, პარლამენტმა 2012 წელს საკანონმდებლო აქტიც შექმნა, რომელშიც ასეთი პოლიტიკური დევნის ფაქტები და იმ ადამიანების სია დაადგინა, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით იდევნებოდნენ. სამწუხაროდ, ამ წლების განმავლობაში, საქმე მნიშვნელოვნად ამ ნაბიჯის იქით არ წასულა. ამ პროცესის ბოლომდე მიყვანის საჭიროებას ჩვენ არაერთხელ გავუსვით ხაზი“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მისი თქმით, საკითხი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი და გარკვეულწილად უკან მიმავალი პროცესიც შეინიშნება მაშინ, როცა სასამართლო სისტემის გაჯანსაღების მაგივრად, ხშირ შემთხვევაში ისეთი დანიშვნები განხორციელდა, რომლებმაც ქართველი საზოგადოების გულწრფელი აღშფოთება გამოიწვია.
ამ წლის დასაწყისში . . გირგვლიანის შესწორებების განხორციელების ინიციატივა კიდევ ერთხელ გაჩნდა, რომელსაც, ბუნებრივია, მე მხარი დავუჭირე. თუმცა დღემდე რაიმე რეალური დოკუმენტი, რომლის თაობაზეც ჩვენ საუბარს შევძლებდით, ხელთ არ გვაქვს.
.. გირგვლიანის შესწორებებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი უნდა იყოს, მათ შორის სამართლებრივი დევნის იურიდიული ბაზის დახვეწა, მაგრამ აუცილებელია, რომ ამ შესწორებებით ის უსამართლობა გასწორდეს, რომელიც თავად სამართალდამცავ და სასამართლო სისტემაში იმ ადამიანების სახით არსებობს, ვინც ამ დევნას ახორციელებდა, ვის სახელებსაც უკავშირდება თუნდაც ის პოლიტპატიმრების სია და ვისი ყოველდღიური შესრულებითაც ხორციელდებოდა დევნა, შემდეგ კი სასამართლო სისტემაში ამ ადამიანებისთვის განაჩენის გამოტანა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირებს საკუთარი სიმართლის მტკიცების შესაძლებლობა ჰქონდეთ.
ამ თვალსაზრისითაც ჩვენ სერიოზული ნაბიჯი წინ არ გადაგვიდგამს. ძალიან ბევრ შემთხვევაში ის გამამტყუნებელი განაჩენი, რომლებსაც პოლიტიკური დევნა ჩვენვე დავარქვით, დღეს ძალაშია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც „გირგვლიანის შესწორებების“ სახელწოდებით არის წარდგენილი, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ უკანონო ბრძანების გაცემაზე ან დავალების მიცემაზე, ასევე უფლებამოსილებით ან მდგომარეობით ბოროტად სარგებლობასა და დანაშაულის დაფარვაზე.
ცვლილებებით კონკრეტდება, რომ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ უკანონო ბრძანების გაცემა ან დავალების მიცემა დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის, ან დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაზიანების, ან განადგურების მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან რვა წლამდე ვადით.