აქტუალური
აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი

     საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა ზაქირ ჰასანოვმა, ლევან იზორიამ და ნურეთინ ჯანიქლიმ 1 აპრილს თურქეთის ქალაქ გირესუნში მეექვსე სამმხრივი შეხვედრა გამართეს და მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც სამ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში უფრო ახლო თანამშრომლობას ითვალისწინებს.
შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობას „სამაგალითო“ უწოდა და აღნიშნა, რომ რეგიონში ყველა პროექტის, იქნება ეს ენერგეტიკული, სავაჭრო თუ სხვა სახის, განხორციელება დიდწილად არის დამოკიდებული ჩვენი თანამშრომლობის ხარისხზე“.
ჩვენ თანამშრომლობა უფრო და უფრო ფართოვდება, რაც დღის წესრიგში აყენებს, განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში, ჩვენი ურთიერთობის ინტენსიფიკაციის აუცილებლობას“, - განაცხადა იზორიამ და ხაზი გაუსვა, რომ გასული წელი ერთ-ერთი წარმატებული წელი იყო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კუთხით,განსაკუთრებით ერთობლივი სამხედრო წვრთნების ორგანიზების თვალსაზრისით“.
მე მოხარული ვარ, რომ დღეს მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის უფრო გაფართოებულ ფორმატებს და ადეკვატურად ასახავს იმ დინამიკას, რომელიც წლების განმავლობაში მივიღეთ და რომელიც მომავალი განვითარებისთვის საუკეთესო საფუძველს გვაძლევს“, - დასძინა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
მინისტერიალის ფარგლებში ლევან იზორიამ და ნურეთინ ჯანიქლიმ ცალკე შეხვედრაც გამართეს, სადაც თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხები განიხილეს, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
სამმხრივ ფორმატში თავდაცვის მინისტრების პირველი შეხვედრა 2014 წლის აგვისტოში აზერბაიჯანის ქალაქ ნახიჭევანში გაიმართა, სადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამგვარი შეხვედრები რეგულარულად გაემართათ.
შეხვედრებს სამმხრივ ფორმატში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებიც ატარებენ, რასაც საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა.