საზოგადოება
ბორის, იკითხეთ დოსტოევსკი, თქვენთვის სასარგებლოა! - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გაუნათლებლობაში ამხილა, ანუ რისი წაკითხვა გამოადგება ოფიციალურ თბილისს

     საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. გასულ ხუთშაბათს, 29 მარტს, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლონდონთან სოლიდარობის ნიშნად თბილისიდან რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგი გამართა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ოფიციალური ლონდონის ინსინუაციების მხილებას მიუძღვნა ე.წ. სკრიპალის მოწამვლის საქმეზე, რომელიც საგანგებოდ გაბერეს უპრეცედენტო ანტირუსულ კამპანიად.
ზახაროვამ შეახსენა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბორის ჯონსონის ამასწინანდელი გამონათქვამი, როცა მან „რუსეთის დანაშაულებები“ ((რომელმაც, ვითომდა, ნერვულ-პარალიზური აირი „ნოვიჩოკით“ მოწამლა ინგლისური დაზვერვის МИ-6-ის მიერ გადაბირებული ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკი) რუსი მწერლის ფიოდორ დოსტოევსკის რომანს „დანაშაულსა და სასჯელს“ შეადარა.
„სამწუხაროდ, ბორის ჯონსონმა მაგალითად მხოლოდ დოსტოევსკის რომანის დასაწყისი მოიყვანა... ბორის, „დანაშაული და სასჯელი“ ბოლომდე წაიკითხეთ თუ დასაწყისზე გაჩერდით?! რაკი დოსტოევსკის შემოქმედების გახსენება გადაწყვიტეთ, გამომძიებელ პორფირი პეტროვიჩის სახეებსა და აზრებს მივმართოთ, რომელსაც ჩაცივებით და, თქვენგან განსხვავებით, ჩაკირკიტებით მიჰყავდა საქმე. თქვენგან განსხვავებით, ჩვენ დოსტოევსკი წაკითხული გვაქვს, გვიყვარს და ვიცნობთ!“, - ამბობს მარია ზახაროვა და საგანგებოდ ბორისისთვის ციტატა მოჰყავს.
„ასი ბოცვრისგან არასდროს შედგება ცხენი, ასი ეჭვისგან არასდროს შედგება მტკიცებულება, აი, რას ამბობს ერთი ინგლისური ანდაზა. მაგრამ ეს ხომ მხოლოდ კეთილგონიერებაა, აბა, სცადეთ და ვნებებს, ვნებებს გაუმკლავდით, ამიტომ გამომძიებელიც - ადამიანია!“... ბორის, იკითხეთ დოსტოევსკი, თქვენთვის სასარგებლოა“, - მიმართავს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მარია ზახაროვა.