საზოგადოება
გრიგორი კარასინი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის ცვლილებას არ გამორიცხავს

     საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის ცვლილებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ კარასინმა ჟენევის დისკუსიების დასრულების შემდეგ განაცხადა.
ჩვენ შევთანხმდით, რომ აქ, სავარაუდოდ, ივნისში შევხვდებით და შესაძლოა, ვიფიქროთ იმაზეც კი, თუ როგორ განვახორციელოთ თავად ჟენევის დისკუსიების მუშაობის რეფორმირება, რათა შევწყვიტოთ რაღაც ტექსტების განხილვა. შესაძლოა, ვისაუბროთ რამე კონკრეტულ პროექტებზე, ურთიერთობების გეგმებზე საზოგადოებრივი ორგანიზაციებს, მოსახლეობას შორის. ერთი სიტყვით, ამ ორი თვის განმავლობაში უნდა ვიფიქროთ“, – განაცხადა კარასინმა.
აბაშიძე-კარასინის ფორმატთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე გრიგორი კარასინმა აღნიშნა, რომ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრებზე ძირითადად ეკონომიკურ საკითხებს განიხილავენ.
იქ ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, ვსაუბრობთ ეკონომიკაზე, ვაჭრობაზე. ამ შემთხვევაში ლაპარაკია არა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე. მაგალითად, როგორ დავალაგოთ ვაჭრობა. მალე უნდა ამოქმედდეს შეთანხმება შვეცარიულ კომპანია SGS-თან, რომელაც საქართველოს წარმომადგენლებმა უკვე მოაწერეს ხელი. ვფიქრობ, ჩვენ ხელს მოვაწერთ უახლოეს კვირებში და დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას. ის შესაძლოა, გახდეს გამწვავების ახალი წერტილი, თუმცა ჩვენ გვსურს, რომ ეს იყოს რეალურად მოქმედი სქემა, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები დალაგებას, რადგან ამ პროექტში პოზიტიური მუხტი არის“, – აღნიშნა კარასინმა.
მისივე თქმით, შესაძლოა, საუბარი სხვადასხვა საკითხს შეეხოს.
შესაძლოა, საუბარი შეეხოს განათლებას და სხვა საკითხებს, თუმცა ეს არ არის ორმხრივი რუსულ-ქართული კონტაქტები. ეს თქვენი აფხაზი, სამხრეთ ოსი მეზობლების, თბილისის მონაწილეობაა. საჭიროა დაფიქრება და არჩევანის გაკეთება. საჭიროა, კონფრონტაციისგან ნაბიჯები განზე გადაიდგას“, – განაცხადა კარასინმა.
კითხვაზე, რას ფიქრობს თავად საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მოსაზრებაზე ჟენევის დისკუსიებში ჩართვასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ რუსულ მხარეს ამაზე ჯერ არ უფიქრია.
გულწრფელად გითხრათ, ჩვენ ამაზე ჯერ არ გვიფიქრია. ჩვენ ვფიქრობთ, იქნებ ჟენევის დისკუსიების რეფორმაზე დავფიქრდეთ, რადგან ძალიან ბევრს ვერ ვაღწევთ აქ. კარგია, რომ ადამიანები ჩამოდიან და ურთიერთობენ, ეს უკვე არის სტაბილურობის, ღიაობის ფაქტორი“, – თქვა კარასინმა.
საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდი ჟენევაში 27-28 მარტს მიმდინარეობდა. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობდა. ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ტექსტის შემუშავების გარდა, დისკუსიების მთავარი თემა იყო არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტი.
როგორც გრიგორი კარასინმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ჟენევის დისკუსიების მონაწილეები ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.
1tv.ge