პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდთან დაკავშირებით

     საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი.
2018 წლის 27-28 მარტს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდი, რომლის ფარგლებშიც განხილვის მთავარ საგანს წარმოადგენდა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის უკანონო ხელყოფა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული დაცვით, რისი აუცილებლობაც კიდევ ერთხელ ნათლად გამოიკვეთა ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით.
თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან დაგმეს იძულებით გადაადგილებული პირის, არჩილ ტატუნაშვილის, უკანონო დაკავება და სიცოცხლის ხელყოფა. მათ არაჰუმანურ ქმედებად შეაფასეს ოჯახისათვის ცხედრის გადაცემის თითქმის ერთი თვით დაყოვნება. მონაწილეებმა საქართველოდან ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ტატუნაშვილის წამება და მკვლელობა არის გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის უკანონო ხელყოფის ფაქტებზე რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან უმოქმედობის და ამ გზით ეთნიკური ქართველების მიმართ ძალადობის წახალისების შედეგი. ქართველმა მონაწილეებმა მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა დააკისრეს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას. მონაწილეებმა საქართველოდან რუსეთის ფედერაციას მოუწოდეს, არ შეუქმნას დაბრკოლება გამოძიებას, რათა შესაძლებელი გახდეს დამნაშავეთა მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა. მათ ასევე ხაზი გაუსვეს გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაუყოვნებლივი დაკავების აუცილებლობას.
ამ ფონზე მონაწილეებმა საქართველოდან ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანის საჭიროება,როგორც ეს გათვალისწინებულია ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით.
ინტენსიური დისკუსია შედგა ძალის არგამოყენების შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების განცხადების პროექტთან დაკავშირებით. მონაწილეებმა საქართველოდან კვლავ განმარტეს, რომ აღნიშნული განცხადების მიღება უნდა ემსახურებოდეს კონკრეტულ მიზანს, კერძოდ, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების პროცესის დაწყებას. ქართველი და ამერიკელი მონაწილეების მიერ ხაზი გაესვა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და მისი შესრულების უზრუნველყოფის აუცილებლობას. რუსეთის ფედერაციამ გამოიჩინა დესტრუქციული მიდგომა და მიზანმიმართული პროვოკაციული განცხადებებით მიმდინარე რაუნდზე ჩიხში შეიყვანა მოლაპარაკებები ძალის არგამოყენების საკითხზე.
მოლაპარაკებების დროს დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილი რთული მდგომარეობა. მონაწილეებმა საქართველოდან დააყენეს რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ფაქტები. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე მილიტარიზაცია და უკანონო სამხედრო წვრთნები შეფასდა, როგორც ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობა. მონაწილეებმა საქართველოდან შეშფოთება გამოთქვეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისაკენ რუსეთის ფედერაციის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო. განხილულ იქნა საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და სხვა დისკრიმინაციული ზომების მძიმე შედეგები ადგილობრივი მოსახლეობისთვის. აღინიშნა, რომ უკანონო დაკავებებისა და გატაცებების პრაქტიკა, ისევე, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის საკუთარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე წვდომის შეზღუდვა ხელს უწყობს ადგილზე დაძაბულობის განვითარებას.
განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო ოკუპირებულ რეგიონებში ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის გაძლიერება, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონებში. მონაწილეებმა საქართველოდან დააყენეს აფხაზეთის რეგიონის მკვიდრი ქართველი მოსახლეობის იძულებით დარეგისტრირება უცხოელებად და მათი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შემდგომი შეზღუდვა, რაც წარმოადგენს ეთნიკური წმენდის გაგრძელებას. მათ ხაზი გაუსვეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში იძულებით გადაადგილებული და ლტოლვილი ეთნიკური ქართველების კერძო საკუთრების განადგურების ფაქტებს. განხილულ იქნა ასევე გალისა და ახალგორის რაიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფის აუცილებლობა.
თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან ხაზი გაუსვეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხს - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე საგნობრივი განხილვების აუცილებლობას. რუსეთის ფედერაციამ და მისმა საოკუპაციო რეჟიმებმა კვლავ მოახდინეს ჰუმანიტარული თემების პოლიტიზება და დევნილთა საკითხის განხილვისას დატოვეს მოლაპარაკებები.
მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2018 წლის ივნისში.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები.მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.