სამართალი
ექვსი ქამრის მფლობელი ქართველი მოკრივე აშშ-ში პატიმრობაში დატოვეს

     საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. ნიუ-იორკის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე, რომელიც აშშ-ში ორგანიზებულ დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან შეთქმულებაში ბრალდებით დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
ხურციძე იმ 33 ადამიანს შორის აღმოჩნდა, რომელთაც ნიუ-იორკის პროკურატურამ გასული წლის ივნისში დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობის ბრალდება წაუყენა. სულ ამ საქმეზე 15 ქართველი დააკავეს. ისინი რუსეთის მოქალაქესთან, „კანონიერ ქურდ" რაჟდენ შულაიასთან კავშირში არიან მხილებული. ხურციძესთან ერთად პოლიციამ ასევე დააკავა სპორტსმენი ლევან მაყაშვილი, მაგრამ ის გირაოს სანაცვლოდ მალევე გაათავისუფლეს.
ქალბატონმა მოსამართლემ არ გაითვალისწინა ადვოკატის შუამდგომლობა, რომ გირაოთი გაეთავისუფლებინა ავთანდილი. ავთანდილი სპორტსმენია და მას უწევს შტატებს შორის გადაადგილება და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა. მოსამართლემ თქვა, რომ, შესაძლოა, მან სასამართლომდე დატოვოს ქვეყანა. თავად დარწმუნებულია, რომ ის დაამტკიცებს თავის უდანაშაულობას 4 ივნისს სასამართლოში და გათავისუფლდება", — განაცხადა ბრალდებულის მეგობარმა მერაბ დვალიშვილმა.
ხურციძის დედა თავის ვაჟს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ ყველაფერი მის წინააღმდეგ მოეწყო.
ჩაწყობილია ეს საქმე. ის ვარჯიშობდა და სადაც ვარჯიშობდა, იქ იძინებდა. რომელი კრიმინალი იძინებს იქ, სადაც ვარჯიშობს? და რომელ კრიმინალს აქვს ექვსი ქამარი? მანახონ და დაიჭირონ მაშინ ჩემი შვილი", — განაცხადა მაყვალა ხურციძემ.
ხურციძე მსოფლიოს დროებითი ჩემპიონი იყო WBO International-ის ვერსიით. 8 ივლისს ხურციძე ბრიტანელ მოკრივე ბილი ჯო სონდერსს ლონდონში უნდა შეხვედროდა და WBO International-ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონის ქამრისთვის ებრძოლა, თუმცა შეხვედრა გაუქმდა. კრივის მსოფლიო ორგანიზაციამ (WBO) ქართველ სპორტსმენს მსოფლიოს დროებითი ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა.
რაც შეეხება საქმის დეტალებს, როგორც გამოძიება ამტკიცებს, ე.წ. კანონიერმა ქურდმა შულაიამ აშშ-ში ბრაიტონ-ბიჩიდან ლას-ვეგასამდე შექმნა მსხვილი დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც დაკავებული იყო ქრთამების მიცემით, აზარტული თამაშებითა და დაქირავებული მკვლელობებით. გამოძიება ამტკიცებს, რომ დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ მოაწყო პოკერის სათამაშო არალეგალური კლუბები ნიუ-იორკის ბრაიტონ-ბიჩის რაიონში, სადაც საბჭოთა კავშირიდან გამოსული ემიგრანტები ცხოვრობენ. ამავე დროს გადახდისუუნარო მოთამაშეებს შულაიას დაჯგუფებაში ითრევდნენ.
დამნაშავეები შეეცადნენ, ატლანტიკ-სიტისა და ფილადელფიაში სამორინეების სისტემები გაეტეხათ, რათა სლოტ-მანქანები დაეპროგრამებინათ. ჯგუფი ასევე შეეცადა ღამის კლუბის გახსნას და იქ ნარკოტიკების გაყიდვის ორგანიზებას. ჯგუფის წევრები სხვადასხვა კომპანიის ტვირთებს იტაცებდნენ, კერძოდ, დადგენილია 5 ტონამდე შოკოლადის ნაწარმის პარტიის გატაცების ფაქტი.
გამოძიების მტკიცებით, დაჯგუფების წევრებს ყალბი დოკუმენტები ჰქონდათ და ისინი სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლების მოსყიდვას ცდილობდნენ.
დაკავებულებს ბრალი წაყენებული აქვთ სხვადასხვა მუხლით – შეთქმულება შეკვეთილი მკვლელობის მიზნით, გამოძალვა, თაღლითობა, გატაცება.