საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. საქართველოს ექვსწევრიანმა საპარლამენტო დელეგაციამ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით 24-28 მარტს ჟენევაში პარლამენტთაშორისი კავშირის (IPU) რიგით 138-ე ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა, იუწყება civil.ge.
ასამბლეის ფარგლებში ქართველმა დეპუტატებმა რიგი მაღალი დონის შეხვედრები გამართეს ავსტრიის, ბოლივიის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, გერმანიის, ინდონეზიის, იაპონიის, მაროკოს, ყატარის, სინგაპურის, სამხრეთ აფრიკის, სურინამის, ტაილანდის და ვანუატუს საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე მხარეებმა სხვადასხვა საკითხზე იმსჯელეს, მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე, კულტურის, განათლების და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობაზე. განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე გამახვილდა.
„ჩვენს პარტნიორებს საქმის კურსში ვაყენებთ ჩვენი დეოკუპაციის პოლიტიკის მიმართულებებზე და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი წარმატებული და შედეგიანი ვიზიტი ამ მიმართებითაც“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ ვიზიტის დროს.
პარლამენტთაშორისი კავშირი (IPU) ეროვნული პარლამენტების საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით საპარლამენტო დიალოგისთვის ფორმატს უზრუნველყოფს. ამჟამად კავშირი 178 პარლამენტს (მათ შორის, საქართველოს პარლამენტს) და 12 ასოცირებულ წევრს აერთიანებს.