საზოგადოება
2017 წლის 28 მარტიდან 2018 წლის 28 მარტამდე საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით 250 ათასზე მეტჯერ ისარგებლეს

     საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. დღეს ზუსტად ერთი წელი შესრულდა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილის ინფორმაციით, ამ წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით 250 ათასჯერ ისარგებლეს.
ჩვენი სურვილია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ეს დიდი სიკეთე წარმატებულად გამოიყენონ. მიმდინარე პერიოდში, ყველა ჩვენგანმა ვიცით, რომ თავი იჩინა გარკვეულმა გამოწვევებმაც, სირთულეებმაც, რომელიც კონკრეტული კუთხით იქნა განსაკუთრებულად გამოვლენილი და ეს არის თავშესაფრის პრინციპის ბოროტად გამოყენება, ისევე როგორც კრიმინალის დანაშაულის ზრდა მთელ რიგ სახელმწიფოებში. მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს მხრიდან გამოითქვა წუხილი, შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე, დღეს საქართველოს წინაშე არ დგას. ეს საკითხი არ განხილულა არც ევროკავშირის ინსტიტუტებში, არც ევროკომისიის შიგნით და არც წევრი სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა მნიშვნელოვანი იყო და რჩება მყისიერად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელმაც თავი იჩინა”, – განაცხადა მახარობლიშვილმა.
ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან დღემდე უვიზო რეჟიმით საქართველოს 192 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპული ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ განაცხადა. მისი თქმით, თითოეულმა მოქალაქემ საზღვარი რამდენჯერმე გადაკვეთა, შესაბამისად, დაფიქსირებულია საზღვრის გადაკვეთის 250 ათასზე მეტი ფაქტი. ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან ტღემდე უვიზო რეჟიმით საქართველოს 192 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. თითოეულმა მოქალაქემ, შესაძლოა, საზღვარი რამდენჯერმეც გადაკვეთა ანუ საზღვრის კვეთა სულ 250 ათასზე მეტი გვაქვს“, – განაცხადა ჯავახაძემ.
მისი თქმით, საზღვრიდან 1001 მოქალაქე დააბრუნეს. ამასთან, როგორც შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველოს რეადმისიის თვალსაზრისით, ევროკავშირთან საკმაოდ კარგი თანამშრომლობა აქვს. რეადმისირებულების რაოდენობა 300- აჭარბებს. რეადმისიის თვალსაზრისით, ევროკავშირთან საკმაოდ კარგი თანამშრომლობა გვაქვს და ამას ჩვენი ევროპელი პარტნიორები ყოველთვის აღნიშნავენ“, – განაცხადა ჯავახაძემ.