აქტუალური
წარმომადგენლობითი პალატა ვერ აუკრძალავს თავის წევრებს მსოფლიოს რომელიმე ნაწილის მონახულებას, აცხადებს იორდანიის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი ატეფ ტარავნეხი

     საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. იორდანიის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა ატეფ ტარავნეხმა კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი ქვეყნის სრული პატივისცემა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მას შემდეგ, რაც ორი კვირის წინ სამი იორდანელი დეპუტატი სოხუმს სტუმრობდა.
ოფიციალურ წერილში, რომელიც 21 მარტს მომზადდა და რომელიც საქართველოს პარლამენტმა გამოაქვეყნა, იორდანიის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჩვენ კარგად მოგვეხსენება თქვენს რეგიონში არსებული პოლიტიკური საკითხები და მათი გავლენა საერთაშორისო დონეზე“, თუმცა იქვე დასძენს, რომ წარმომადგენლობითი პალატა ვერ აუკრძალავს თავის წევრებს მსოფლიოს რომელიმე ნაწილის მონახულებას“.
წარმომადგენლობითი პალატის ზოგიერთი წევრის მიერ აფხაზეთში ბოლოდროინდელ ვიზიტთან დაკავშირებით გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ეს იყო კერძო ვიზიტი და რომ იგი არ ასახავს იორდანიის წარმომადგენლობითი პალატის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც შეესაბამება იორდანიის ჰაშემიტური სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციას აფხაზეთთან დაკავშირებით, რომელიც გამოხატავს პატივისცემას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“, - ნათქვამია წერილში.
ატეფ ტარავნეხმა ასევე გაიხსენა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ბოლოდროინდელი ვიზიტი ამანში და აღნიშნა, რომ ის წარმატებული იყო ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი კავშირების გამყარების მხრივ“.
იორდანიის სამწევრიანი დელეგაცია მანსურ საიდ ედინ მურადის ხელმძღვანელობით აფხაზეთს 7-9 მარტს ესტუმრა და ოკუპირებული რეგიონის ხელმძღვანელობას, მათ შორის აფხაზეთის ლიდერს რაულ ხაჯიმბას, პარლამენტის სპიკერს ვალერი კვარჭიას და ეკონომიკის მინისტრს ადგურ არძინბას შეხვდა, იუწყება civil.ge.
აფხაზეთში იორდანელ დეპუტატებს საერთაშორისო ფონდმა აფსნიუპასპინძლა. ფონდის წარმომადგენლები, მათ შორის რეგიონის საინვესტიციო სააგენტოს უფროსი სიმონ აგრბა ამანს შარშან დეკემბერში სტუმრობდნენ, სადაც ისინი, გავრცელებული ინფორმაციით, იორდანიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ.