საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. „ვუპასუხებთ, ეჭვი არ შეგეპაროთ. ვინაიდან, ასეთი უტიფრობის მოთმენა არავის სურს, არც ჩვენ ვაპირებთ ამის მოთმენას“. - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ТАСС-თან საუბრისას.
„ეს პროცესი (ელჩების გაძევება) იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ მართლები ვიყავით, როდესაც რამდენჯერმე განვაცხადეთ - თანამედროვე ევროპაში ძალიან ცოტა დამოუკიდებელი ქვეყანაა. როდესაც დიპლომატებს ქვეყანას ატოვებინებენ, ნათელია, რომ ეს კოლოსალური ზეწოლის შედეგია. შანტაჟის, რომელიც ვაშინგტონის მთავარი იარაღია საერთაშორისო არენაზე“ - განაცხადა ლავროვმა.
დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის მოწმვლის გამო, რუს დიპლომატებს მსფოლიოს 23 ქვეყნიდან გააძევებენ. 60 დიპლომატს აძევებს აშშ, გერმანია - 4, პოლონეთი - 4, უკრაინა - 13, დანია - 2, საფრანგეთი - 4, ჩეხეთი - 3, ლატვია - 1, ესტონეთი - 1, ლიტვა - 3, იტალია - 2, კანადა - 4, ნიდერლანდები - 2, რუმინეთი -1, ფინეთი -1. ესპანეთი -2, ნორვეგია -1 და ა.შ.
დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში, ყოფილი რუსი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია, 4 მარტს მოწამლეს. მათ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გონება დაკარგეს. მამა-შვილი ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და გადარჩენისთვის იბრძვის. როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, ისინი რუსეთში წარმოებული ახალი თაობის ნერვული აგენტით მოწამლეს, სახელწოდებით "ნოვიჩოკი." რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის მოწამვლის საქმეზე ლონდონმა მოსკოვიდან ახსნა-განმარტებები მოითხოვა და 24 საათიანი ვადა მისცა მოსკოვს , თუმცა პასუხი ვერ მიიღო. შედეგად კი ბრიტანეთმა მოსკოვს სანქციები დაუწესა. ბრიტანეთმა რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობა გაწყვიტა.