უცხოეთი
„დანაშაულებრივი დაუდევრობა“: პუტინმა კემეროვოს ტრაგედიის მიზეზები განმარტა

     საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელ ალექსანდრ ბასტრიკინს დაავალა, სამართლებრივი შეფასება მისცეს იმ თანამდებობის პირთა ქმედებას, რომლებმაც ტრაგედია დაუშვეს.
რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი კემეროვოში ჩაფრინდა, სადაც კვირას სავაჭრო ცენტრ „ზიმნაია ვიშნიაში“ მომხდარი ძლიერი ხანძრის გამო 67 ადამიანი დაიღუპა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
პუტინი მაშინვე ეწვია ნახანძრალ სავაჭრო ცენტრს და შენობასთან სტიქიურად გაჩენილი მემორიალი ვარდების თაიგულით შეამკო. შემდეგ კი ციმბირის ფედერალურ ოლქში პრეზიდენტის სრულუფლებიან წარმომადგენელ სერგეი მენიაილოსთან ერთად დამწვარი შენობის ფასადი დაათვალიერა.
კემეროვოში გამართულ თათბირზე, რომელიც ხანძრის შედეგების ლიკვიდაციას ეძღვნებოდა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა:
„რა ხდება ჩვენთან, ეს ხომ საბრძოლო მოქმედებები არ არის, არც მაღაროში მეთანის მოულოდნელი ამოფრქვევა. ხალხი მივიდა დასასვენებლად, ბავშვები. დემოგრაფიაზე ვლაპარაკობთ და ამდენ ადამიანს ვკარგავთ რისთვის? დანაშაულებრივი დაუდევრობისა და უყურადღებობის გამო“.
სახელმწიფოს მეთაურმა საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელ ალექსანდრ ბასტირკინს დაავალა, სამართლებრივი შეფასება მისცეს იმ თანამდებობის პირთა ქმედებას, რომლებმაც ტრაგედია დაუშვეს.
ბასტირკინმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ გამოძიებამ დიდი რაოდენობით დოკუმენტაცია ამოიღო და სწავლობს მათ.
ხანძარი კემეროვოს ოთხსართულიან სავაჭრო ცენტრში კვირას გაჩნდა. ტრაგედიამ 67 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის, სულ ცოტა, რვა ბავშვი. ამ დროისათვის საავადმყოფოებში 13 დაშავებული რჩება.

sputnik-georgia.com