რელიგია
მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოს საპატრიარქოს ეწვია

sapatrსტუმრები საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა, გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა და საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა დავით შარაშენიძემ მიიღეს.

მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორესთვის გადასაცემად ათენის ბენაკისის მუზეუმში დაცული ფიალის ასლი ჩამოიტანეს.

სტუმრებმა მწუხარება გამოთქვეს იმის გამო, რომ საშუალება არ მიეცათ, მის უწმინდესობას, რომელიც ამჟამად ბრიტანეთში იმყოფება, პირადად შეხვედროდნენ.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის, ბელარუსისა და პალესტინის წარმომადგენლები საქართველოში, უკვე მეორე დღეა, იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები საქართველოს პარლამენტს ესტუმრნენ.

მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის – ანასტასიას ნერანძისის განცხადებით, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელთან შეთანხმებით, საქართველოს პარლამენტში სპეციალური ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ასამბლეასთან ურთიერთთანამშრომლობაზე იმუშავებს.