პოლიტიკა
მიუხედავად ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილების შემაშფოთებელი რაოდენობისა, საქართველო ათასობით საერთაშორისო მიგრანტის მიღებას განაგრძობს - ირაკლი კობახიძე

     საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. საქართველომ მრავალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა მხარდასაჭერად, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტთაშორისი კავშირის (IPU) 138-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, იუწყება interpressnews.ge.
ფორუმზე, რომლის მთავარი თემაა გლობალური რეჟიმის გაძლიერება მიგრანტთა და ლტოლვილთათვის: მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის გადაწყვეტის საჭიროება“, პარლამენტის თავმჯდომარემ მიგრაციისა და ლტოლვილთა საკითხების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ილაპარაკა.
მიუხედავად ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილთა შემაშფოთებელი რაოდენობისა, საქართველო მაინც განაგრძობს ათასობით საერთაშორისო მიგრანტის მიღებას. საქართველომ 2015 წელს - 1 449, 2016 წელს - 947, ხოლო 2017 წელს - 951 თავშესაფრის მაძიებელი მიიღო. დღესდღეობით საქართველოს ჰყავს 1 477 საერთაშორისო დაცვის ქვე მყოფი პირი, რომელთაგან 450 ლტოლვილია, ხოლო 1 027 - ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველომ მრავალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა მხარდასაჭერად და საქართველოს მიერ ინსტიტუციური, ნორმატიული და პრაქტიკული ინსტრუქციების განხორციელება ევროკავშირის მიერ დადებითად შეფასდა.