აქტუალური
პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენის დაგვიანება კანონის ჩარჩოებს უკვე გასცდა! - ჩუგოშვილი

     საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საარჩევნო კამპანიისთვის ხელსაყრელი დროის შერჩევას ცდილობს, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშის წარდგენას აჭიანურებს.
თამარ ჩუგოშვილი პირველი არხის კითხვის საპასუხოდ პარლამენტში პრეზიდენტის მიერ ანგარიშის წარდგენის საკითხს გამოეხმაურა.
ვიცე-სპიკერის თქმით, პრეზიდენტს დეპუტატები საგაზაფხულო სესიის გახსნიდან ელოდებიან.
სამწუხაროდ, რაიმე კომუნიკაცია არ ყოფილა და ინფორმაცია არ გვაქვს, როდის გეგმავს პრეზიდენტი პარლამენტისადმი მიმართვას. მიზეზს ვერ გეტყვით, რა არის ამ დაგვიანების საბაბი. შესაძლებელია, პოლიტიკურად უფრო ხელსაყრელ დროს არჩევდეს, თუმცა კანონი ითვალისწინებს, რომ მოხსნების წარდგენა სესიის დასაწყისში უნდა მოხდეს. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ანგარიშს დროულად წარმოადგენს. მგონი, ეს დაგვიანება კანონის ჩარჩოებს უკვე გასცდა. მითუმეტეს, როცა საბაბი არ არსებობს და მიზეზი ჩვენთის ცნობილი არ არის, მოხსენების ასე დაგვიანებით წარდგება რატომ ხდება”, – აცხადებს ჩუგოშვილი.
კითხვაზე, პრეზიდენტის მხრიდან პასიურობა უკავშირდება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის შესაძლო ჩართულობას, ჩუგოშვილი პასუხობს, რომ ამას არ გამორიცხავს.
არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო კამპანიისთვის ხელსაყრელი დროის შერჩევას ცდილობს. ბუნებრივია, თუ არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, თავის კამპანიას გეგმავს, მაგრამ ეს კანონის დარღვევის ხარჯზე არ უნდა მოხდეს”, – დასძინა ჩუგოშვილმა.
პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგენის თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ.