საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. "წმინდა თამარ მეფის შეურაცხყოფას ქართველი ერი არავის აპატიებს", "კმარა მართლმადიდებლობის დისკრიმინაცია", "არა ქართველი ხალხის ეროვნულ და რელიგიურ დისკრიმინაციას" - ამ ლოზუნგებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან.
აქციის მონაწილეები პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია ,,აიისას" მიერ გამოშვებულ პროდუქციას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ შეფუთვაზე თამარ მეფის სურათი დახატვა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაა.
შეკრებილები მოითხოვენ, განადგურდეს წარმოებული პროდუქცია, დაისაჯონ კომპანიის წარმომადგენლები და მიმართავენ საკანონმდებლო ორგანოს, შეიმუშავონ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი იქნება.
აქციაზე სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩასული მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებიან.
საქართველოს საპატრიარქომ 20 მარტს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ბრენდ "აიისა"-ს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში დასდო ბრალი. საქმე ეხება პრეზერვატივის შეფუთვას, რომელიც სხვადასხვა სახით არსებობს, მათ შორის ერთ-ერთ შეფუთვაზე თამარ მეფის ნახატია გამოსახული.