აქტუალური
მთავრობა საინფორმაციო ტექნოლოგიების ბიზნესის სტიმულირებას იწყებს

itფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საინფორმაციო ტექნოლოგიების ბიზნესის სტიმულირება იწყება. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ინფორმაციულ-ტექნოლოგიური ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მისანიჭებლად განაცხადების მიღება დაიწყო და სტატუსის მინიჭება განაცხადის გაკეთებიდან 48 საათში ხდება.

"საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ კანონის" მიზანია ექსპორტზე ორიენტირებული IT ბიზნესის წახალისება, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა IT სექტორში, კვალიფიციურ IT რესურსზე მოთხოვნის შექმნა შრომის ბაზარზე, ინოვაციების განვითარება, ტექნოლოგიების შემოდინების დაჩქარება.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის სექტორში რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემაა, მათ შორის IT განათლების დაბალი ხარისხი, ადგილობრივი ბაზრის სიმცირე და კვალიფიციური ადამიანური რესურსების ნაკლებობა.

ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ კანონი შესაძლებლობას აძლევს აღნიშნული ბიზნესის წარმომადგენლებს, შეღავათით ისარგებლონ. კანონის ფარგლებში, არ იბეგრება: ვირტუალური ზონის პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიები, საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება, საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდება დღგ-თი, საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანა ექსპორტის გადასახადით.

სამინისტროს ცნობით, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაში დასაქმებული პროგრამისტის საშუალო ხელფასი 2010 წელს 1 591 ლარით იყო განსაზღვრული, დასაქმებულთა ხელფასის მოცულობა კი 876 ლარს შეადგენდა, 2009 წელს ეს მაჩვენებელი შესაბამისად 1 329 ლარი და 741 ლარი იყო.