აქტუალური
გიორგი მარგველაშვილმა, შესაძლოა, ნაჩუქარი ტრაქტორი ვერ გამოიყენოს

     საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. ტრაქტორი, რომელიც ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ქართველ კოლეგას გიორგი მარგველაშვილს აჩუქა, დაახლოებით 5 ათას 100 დოლარი ღირს.
საქართველოს კანონის „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%-ს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრებისა – 5%-ს.
გიორგი მარგველაშვილის 2016 წლის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მისი წლიური შემოსავალია 82 800 ლარი. ამ თანხის 5 პროცენტი 4140 ლარია, შესაბამისად, ნაჩუქარი ტრაქტორის ღირებულება დასაშვებ ოდენობას დაახლოებით სამჯერ აღემატება.
კანონის მიხედვით, თუ საჯარო მოსამსახურე საჩუქრის მიღების შემდეგ დაადგენს, რომ მისი ღირებულება აღემატება კანონით დასაშვებ ოდენობას, იგი ვალდებულია, 3 სამუშაო დღის ვადაში საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგინოს ინფორმაცია მიღებული საჩუქრის დასახელების, შეფასებითი ან ზუსტი ღირებულების/ოდენობის და მჩუქებლის ვინაობის შესახებ, ხოლო აკრძალული საჩუქარი გადასცეს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.
კანონით დაშვებულია თანამდებობის პირის მიერ დიპლომატიური საჩუქრის მიღება, თუმცა მისი ღირებულება 300 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.