საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. „თბილისს სულ მეორედ ვესტუმრე. ადრე სოხუმში ვიყავი, მაგრამ ახლა იქ, სამწუხაროდ, გაურკვეველი სიტუაცია შეიქმნა... არავის შეუძლია იქ ჩასვლა და ეს მშვენიერი მხარე გაუგებარ რაღაცად გადაიქცა... ამიტომ აქ ყოველთვის გულისფანცქალით და იმის მოლოდინით ჩამოვდივარ, რომ ძალიან თბილი, პატიოსანი ხალხი ცხოვრობს, ისეთივე, როგორიც ბელარუსში“, - აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის დროს გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაზე.
„მარგველაშვილმა და ლუკაშენკომ პირისპირ შეხვედრის ფორმატში განიხილეს მშვიდობისა და უსაფრთხოების პრობლემები, აგრეთვე სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აღნიშნეს საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვის დაუშვებლობა. ამასთანავე, ისაუბრეს ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე“, - იუწყება საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური.