საზოგადოება
კახი კალაძემ თბილისში მცხოვრებ მუსლიმებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა

     საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. თბილისის მერი კახა კალაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან, საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ბექა დავითულიანთან, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე რიმა ბერაძესთან და თბილისის საკრებულოსთან მოქმედი ეროვნული უმცირესობათა საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილთან (ღონისძიების ორგანიზატორი) ერთად, მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
კახ კალაძემ მუსლიმებს რელიგიური დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ თბილისში განსხვავებული ეროვნებისა და მრწამსის მოქალაქეთა თანაცხოვრებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და ეს ტრადიცია ნებისმიერი განვითარებული ქვეყნისთვის საუკეთესო მაგალითი შეიძლება იყოს.
„მინდა, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მივულოცო ჩვენ მუსლიმ ძმებს, ჩვენ თანაქალაქელებს. თბილისი სხვადასხვა ეროვნების, რელიგიის წარმომადგენლების ერთიანი თანაცხოვრების მართლაც საუკეთესო მაგალითია. ჩვენ ჭირშიც, ლხინშიც, საუკუნეებია, ერთად მოვდივართ. კიდევ ერთხელ მინდა, მივულოცო დღევანდელი დღესასწაული - ახალი წლის, გაზაფხულის შემობრძანება ჩვენს მუსლიმ ძმებს და მშვიდობა და კეთილდღეობა ვუსურვო“, - განაცხადა კალაძემ.
ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად 2010 წელს გამოცხადდა. ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს ყველა ოჯახში მწვანე ჯეჯილი უნდა იყოს. ასევე, იღებება კვერცხები და ცხვება ტკბილეული.
ღონისძიებაზე დედაქალაქის მერს საჩუქრად ქართულად ნათარგმნი „ნიზამი გაევი“ და აზერბაიჯანულად ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანი“ გადასცეს.