საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანთან, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე რიმა ბერაძესთან და თბილისის საკრებულოსთან მოქმედი ეროვნული უმცირესობათა საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილთან (ღონისძიების ორგანიზატორი) ერთად, მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს ესტუმრა და აზერბაიჯანელ ხალხს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა.
მუზეუმის დირექტორმა ლეილა ალიევამ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს მუზეუმი დაათვალიერებინა. გიორგი ტყემალაძე შეკრებილ საზოგადოებას ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობაზე ესაუბრა. ამასთანავე, საკრებულოს თავმჯდომარემ მუზეუმის დირექტორს ლეილა ალიევას საკრებულოს სახელით საპატიო სიგელი გადასცა და 70 წლის იუბილე მიულოცა.
ნოვრუზ ბაირამი საქართველოში ტრადიციულად 21 მარტს აღინიშნება. 2010 წელს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 21 მარტი ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა.
თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებმა ნოვრუზ ბაირამი აგრეთვე სამღებროს ქუჩაზე მცხოვრებ 79 წლის დამსახურებულ პედაგოგს ხადიჯა ზალიევას მიულოცეს.
საქინფორმი