სამართალი
ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტები - არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით მიუთითებს წამების კვალზე

     საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამხარაულის ბიუროში ჩატარებულ ექსპერტიზას ცენტრ „ემპათიას“ წარმომადგენელიც დაესწრო.
ცენტრის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით მიუთითებს წამების კვალზე.
„2018 წლის 20 -21 მარტს . სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლოსამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ჩატარებულ იქნა სასამართლოსამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც მონაწილეობდა წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ბატონი ირაკლი თოიძე, პროკურატურის დადგენილების შესაბამისად.
წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით მიუთითებს წამების კვალზე.
ცენტრი ემპათიასექსპერტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, ჩატარდეს კომპლექსურკომისიური ექსპერტიზა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კერძოდ, მინესოტას პროტოკოლი, სტამბოლის პროტოკოლი, რათა დადგენილ იქნას წამების სავარაუდო ფაქტსა და გარდაცვალების მიზეზს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი“, – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.
განცხადების ტექსტს ხელს აწერენ ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტები, საერთაშორისო ექსპერტი წამების დოკუმენტირების საკითხში მარიამ ჯიშკარიანი და ცენტრის დირექტორი, სასამართლო–სამედიცინო ექსპერტი ირაკლი თოიძე.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან სამშაბათს გადმოასვენეს.