საზოგადოება
არჩილ თალაკვაძე: თუ ვინმე თავდახრილი იდგა რუსეთის ხელისუფლების წინაშე, განსაკუთრებით ომის დროს, ეს იყო გრიგოლ ვაშაძე!

     საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ურჩევს, ფრაქციის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ნაცვლად გრიგოლ ვაშაძე დაიბარონ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ “ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთის ხელისუფლებისადმი გრიგოლ ვაშაძის მიწერილი წერილი შეახსენა და აღნიშნა, რომ თუ ვინმე კაპიტულაციას აცხადებდა ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, ეს იყო გრიგოლ ვაშაძე.
მიუხედავად იმისა, რომ სალომე სამადაშვილს დღეს ჰქონდა ძალიან საინტერესო გამოსვლა, რომელიც სრულად ჯდებოდა საპარლამენტო დემოკრატიის სტანდარტებში, იგივეს ვერ ვიტყოდი ბატონი გრიგოლ ვაშაძის ბრიფინგზე. მინდა, ასევე გიორგი კანდელაკს გამოვეხმაურო, ეროზიისა და კოროზიის მანიშნებელი იყო სწორედ ვაშაძის განცხადება არაკვალიფიციური, სახელმწიფო ინტერესებისთვის დამაზიანებელი და საერთოდ, რაზეც ვაშაძე თავის ბრიფინგში საუბრობდა, ეს საკითხი ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით არის სწორედნაციონალური მოძრაობისმიერ ინიცირებული 2012 წლის იანვარში. შესაბამისად, ხელების გამოშვერა ჩვენსკენ, თითქოს რაღაც დავძარით ისეთი, რაც სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება, არის მიუღებელი და სრულიად უსაფუძვლო. ოპოზიციის წარმომადგენლის მიერ ითქვა, რომ პასუხები გვჭირდება ჩვენ, რა ხდება. დიახ, ჯობდა, რომ ჯერ დასმულიყო კითხვები, მიგეღოთ პასუხები და შემდეგ ჩატარებულიყო უტიფარი ბრიფინგი, რომელიც დღეს ჩვენ ვნახეთ და სადაც უსაფუძვლო ბრალდებები იყო მოცემული”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ჟენევის ფორმატზე განიხილება ის, რომ ჯარების გაყვანა მოხდეს რუსეთის ფედერაციის მიერ, ასევე ძალის გამოუყენებლობაზე ვალდებულება დაადასტუროს რუსეთმა.
ალბათ, მთავარი კითხვა ეს არის, რა განიხილება? განიხილება ის, რომ ჩვენ მივიღოთ უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების დაშვება ოკუპირებულ რეგიონებში, განიხილება ის, რომ ჯარების გაყვანა მოხდეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ასევე ის, რომ ძალის გამოუყენებლობაზე თავისი ვალდებულება დაადასტუროს რუსეთის ფედერაციამ. ამაზეა საუბარი. არავითარი სხვა ნარატივი, არავითარი სხვა ხელშეკრულება არ განიხილება, რომელიც საქართველოს ახალ ვალდებულებებს ანიჭებს და საქართველოს პოზიციებს ჟენევის ფორმატში რამენაირად ასუსტებს. მუშაობა მიმდინარეობს განცხადებაზე, რომელსაც არანაირი ხელშეკრულების ძალა (არ აქვს) და არავითარი ხელმოწერები არ მოხდება რომელიღაც ახალი არალეგიტიმური მხარეების მიერ”, – აღნიშნა თალაკვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა “ნაციონალურ მოძრაობას” მოუწოდა, რომ ფრაქციის სხდომაზე გრიგოლ ვაშაძე დაიბარონ და რუსეთისთვის მიწერილ წერილზე განმარტებები სთხოვონ.
გადაეცით გრიგოლ ვაშაძეს, რომ შეუძლია, მშვიდად იყოს და მშვიდად ისაუბროს. მე თუ მკითხავთ, იმ წერილის შემდეგ, რომელსაც წარმოგიდგენთ, არა მიხეილ ჯანელიძე, არამედ გრიგოლ ვაშაძე უნდა დაიბაროთ თქვენს ფრაქციაზე და პასუხი მოთხოვოთ წერილზე, რომელიც მან 2008 წლის ნოემბერში მისწერა რუსეთის ფედერაციას. ის, როგორც მინისტრი, ხელს აწერს ამ განცხადებას, ტექსტს გადმოგცემთ, გაეცანით. აგვისტოს ომიდან ორ სამ დღეში, როდესაც ჩვენი ჯარისკაცების გადმოსვენება არ იყო დასრულებული, როდესაც ჩვენი ჯარისკაცების ცხედრები გაციებული არ იყო, ბატონი ვაშაძე წერს რუსეთის ხელისუფლებას ენამოჩლექილ წერილს, სადაც რუსეთის ხელისუფლებას ეხვეწება საკონცერტო დარბაზების გამოყოფას, ალაფურშეტის დაფინანსებას და ამდაგვარ საკითხებს. გასტროლებთან დაკავშირებით აწარმოებს მოლაპარაკებებს ამ წერილში. შესაბამისად, ახლა თუ ვინმე კაპიტულაციას აკეთებს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, თუ ვინმე თავდახრილი იდგა რუსეთ ხელისუფლების წინაშე, განსაკუთრებით იმ ომის დროს, როდესაც უმძიმესი დანაკარგები მიიღო ქვეყანამ, ეს იყო გრიგოლ ვაშაძე”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ რუსული პრესა რუსულ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჟენევაში ამ თვის ბოლოს დაგეგმილი კონსულტაციების რაუნდზე საქართველო, ე.წ. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკები, რუსეთის ფედერაცია, შეერთებული შტატები და ჟენევის კონსულტაციების თანათავმჯდომარეები მიიღებენ დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც ჟენევის კონსულტაციებში მონაწილე ყველა მხარე უარს იტყვის ერთმანეთთან ურთიერთობაში ძალის გამოყენებაზე.

წყარო: პირველი არხი