სამართალი
თურქეთში, იტალიასა და უკრაინაში ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქეები დააპატიმრეს, მათ შორის - კანონიერი ქურდი მეტსახელად „პროფესორი“

     საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. თურქეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს. ისინი მარმარისსა და ფეთჰიეში ბინების გაქურდვაში არიან ეჭვმიტანილი. დაკავებულებს შორის ერთი ქალია.
თურქული მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა მანქანებისა და სახლების ჩხრეკის შედეგად ამოიღეს მუსიკალური ინსტრუმენტები, დიდი რაოდენობით სამკაული, ასევე ორი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა ინსტრუმენტი, რომლებსაც დამნაშავეები, სავარაუდოდ, ბინებში შესაღწევად იყენებდნენ.
ოთხივე ბრალდებული უახლოეს ხანში სასამართლოს წინაშე წარდგება.
იტალიაში მანქანის აქსესუარების ძარცვის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. როგორც იტალიური მედია წერს, ქურდობის ფაქტზე ქართველები 19 მარტს კაშინაში დააკავეს.
როგორც პოლიციაში განაცხადეს, კარაბინიერებმა დამნაშავეები მანქანის ავტონაწილების მაღაზიიდან აქსესუარების გატანის მცდელობის დროს აიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი - 37, ხოლო მეორე 60 წლისაა. სამართალდამცავების ცნობით, ისინი საპატიმროში გადაიყვანეს.
კიევის პოლიციამ უკრაინის დედაქალაქში 26 წლის ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, მეტსახელად პროფესორი დააკავა. ინფორმაცია ამის შესახებ კიევის პოლიციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
პოლიციის ცნობით, დაკავებული უკრაინაში კურირებდა დამნაშავეებს, რომლებიც ბინების ძარცვითა და მანქანების გატაცებით იყვნენ დაკავებული.
სამართალდამცველებმა კრიმინალი სტამბოლში გაგზავნეს. მათივე ინფორმაციით, 26 წლის ქართველი, ძირითადად, თურქეთში ცხოვრობს.
გასული წლის სექტემბერში „პროფესორი“ უკრაინიდან გააძევეს და ქვეყანაში შესვლა სამი წლით აუკრძალეს, თუმცა მოგვიანებით მან კიევში დაბრუნება სხვა სახელითა და გვარით შეძლო.