პოლიტიკა
პარლამენტმა ევროკავშირთან ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

air_spaceსაქართველოს პარლამენტმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა 2010 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი, საქართველოს ინტეგრირებას მოახდენს საერთო ევროპულ საავიაციო სივრცეში. იგი მოხსნის ყველა შეზღუდვას ფასებზე და ყოველკვირეული ფრენების რაოდენობაზე, ასევე საშუალებას მისცემს ევროკავშირის ქვეყნებსა და ქართულ ავიახაზებს პირდაპირი ფრენები განახორციელონ.

ევროკავშირის ინფორმაციით, შეთანხმების ხელმოწერის მომენტში საქართველოს ევროკავშირის მხოლოდ 9 ქვეყანასთან (ავსტრია, ჩეხეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდები და პოლონეთი) ჰქონდა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა.

ამასთან, შეთანხმების შედეგად, საქართველო თავისი კანონმდებლობის ჰარმონიზაციას მოახდენს ევროპულ სტანდარტებთან და განახორციელებს ევროკავშირის საავიაციო პროცედურებს, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა საავიაციო უსაფრთხოება, გარემო, მომხმარებელთა დაცვა, საჰაერო მიმოსვლის მართვა, ეკონომიკური რეგულირება, კონკურენციის საკითხები და სოციალური ასპექტები.

ევროკავშირის მონაცემებით, მგზავრთა გადაყვანის მოცულობა საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საშუალოდ, წლიურად 10%-ით იზრდებოდა; ხოლო ტვირთების საჰაერო გადაზიდვა ბოლო ხუთ წელიწადში, საშუალოდ, წლიურად - 26%-ით.