პოლიტიკა
კარასინი იმედოვნებს, რომ ჟენევაში საქართველო დათანხმდება „ზეპირი სახით“ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დეკლარაციის მიღებას, რომელშიც „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხი ნახსენები არ იქნება“

     საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი 2018 წლის 27-28 მარტს გაიმართება. სხვადასხვა წყარო იუწყება, რომ მომავალ კონსულტაციებზე ჟენევაში, შესაძლოა, მიღწეული იქნეს „დიდი ხნის ნანატრი გარღვევა - საქართველო, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, რუსეთი და აშშ, აგრეთვე კონსულტაციების თანათავმჯდომარეები - ევროკავშირი, გაერო და ეუთო - ამზადებენ ერთობლივ დეკლარაციას რეგიონებში ძალის გამოუყენებლობის შესახებ“.
რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა იმედი გამოთქვა, რომ დეკლარაცია რეგიონებში ძალის გამოუყენებლობის შესახებ მომდევნო მოლაპარაკებაზე იქნება მიღებული. დიპლომატის თქმით, „დეკლარაციაში, რომელიც ზეპირი სახით მისაღებად მზადდება, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხი შეხებული არ იქნება“.
„ჩვენ გავაგრძელებთ ჟენევაში მოლაპარაკებებს და თანმიმდევრული, პრინციპული პოზიციით მონაწილეობას, რათა ნაპოვნი იქნეს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზები... თუ პროგრესი კონსტრუქციულად წარიმართება, ეს შექმნის გარემოს შემდგომი მოლაპარაკებისთვის ჟენევის დისკუსიების ფარგლებში და მაღალი პოლიტიკური დონის ჩართვის შესაძლებლობას, რისთვისაც მზადყოფნა ჩვენ უკვე გამოვთქვით“, -
დასძინა მინისტრის მოადგილემ.
როგორც ცნობილია, საქართველო უკვე წლებია, უარს ამბობს აფხაზეთთან და ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე, რადგან ეს სამართლებრივად მათ ხელშეკრულების მხარეებად, ცალკე სუბიექტებად - დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებად მიაჩნია. საქართველო მზადაა, ხელი მოაწეროს ამგვარ შეთანხმებას რუსეთთან, რომელიც უარს ამბობს, რადგან თავს კონფლიქტის მონაწილედ არ მიიჩნევს.