საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. გუშინ საღამოს ცხინვალის ხელისუფლებამ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგელებს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი გადასცა, – ინფორმაციას ამის შესახებ „Спутник - Осетия“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, პროკურატურამ წითელი ჯვირს წარმომადგენლებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც გადასცა.
ცხედრის გადაცემა ცხინვალის მორგში შედგა. შესაბამისი დოკუმენტების გაფორმების შემდეგ, სამხრეთ ოსეთის წითელი ჯვრის ოფისის წარმომადგენლებმა ტატუნაშვილიც ცხედარი ერგნეთში თავიანთ კოლეგებს გადასცეს.
„რუსეთის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნაში ნათქვამია, რომ ტატუნაშვილი გარდაიცვალა გულის მწვავე უკმარისობის შედეგად, რომელიც მწვავე იშემიური მიოკარდის შედეგად განვითარდა. გარდა ამისა, მას ღვიძლის ცეროზი და ქრონიკული ჰეპატიტი ჰქონდა“, – განაცხადა ცხინვალის პროკურატურის წარმომადგენელმა.
გარდა ამისა, პროკურატურის წარმომადგენლის თქმით, დასკვნაში აღნიშნულია, რომ ტატუნაშვილის სხეულზე, ქვედა და ზედა კიდურებზე არის დაზიანებები, რომლებიც კვალიფიცირდება როგორც ჯანმრთელობისთვის მსუბუქი ზიანის მიყენება.