უცხოეთი
ნადეჟდა სავჩენკო - მაიდანზე, აქციების დროს სნაიპერები რადას ამჟამინდელმა სპიკერმა, ანდრეი პარუბიმ მიიყვანა

     საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. 2014 წელს, მაიდანზე აქციების დროს სნაიპერები რადას ამჟამინდელმა სპიკერმა, ანდრეი პარუბიმ მიიყვანა, – ამის შესახებ რადას დეპუტატმა, ნადეჟდა სავჩენკომ განაცხადა.
ყოფილი სამხედრო მფრინავის თქმით, შეიარაღებული ადამიანები, რომლებიც მაშინ მიკროავტობუსიდან გადმოვიდნენ, ახლა პარლამენტის დეპუტატები არიან.
სავჩენკომ ასევე აღნიშნა, რომ იური ლუცენკო გენერალურ პროკურორად ამ დანაშაულების დასაფარად დაინიშნა.
დეპუტატის ბრალდებების საპასუხოდ, უკრაინის გენერალური პროკურორი ამბობს, რომ ნადეჟდა სავჩენკო რადაში ტერაქტს გეგმავდა.
იური ლუცენკოს განცხადებით, პარლამენტს სავჩენკოსთვის ხელშეუხებლობის მოხსნისა და მისი დაკავების მოთხოვნას წარუდგენს.
„ნადეჟდა სავჩენკომ – რადას დეპუტატმა, პირადად დაგეგმა და გასცა ბრძანებები, როგორ უნდა განხორციელებულიყო ტერორისტული აქტი აქ, პარლამენტის დარბაზში“, – აღნიშნა ლუცენკომ რადაში სიტყვით გამოსვლისას.
2014 წლის 20 თებერვალს ევრომაიდნის მოვლენების დროს კიევში 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქართველები დავით ყიფიანი და ზურაბ ხურცია. უკრაინის ღირსების რევოლუციის დროს ყველაზე მეტი ადამიანი 2014 წლის 20 თებერვალს დაიღუპა.

1tv.ge