უცხოეთი
2008 წლის ფაქტს აგრესიას უწოდებდნენ, ახლა - უპატივცემულობას, რადგან ხომ დამტკიცდა, რომ აგრესია სააკაშვილმა დაიწყო! - მარია ზახაროვა

     საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ იმ ვიდეორგოლს ეხმაურება, რომელშიც საქართველოც არის მოხსენიებული.
„გუშინ ფორინ ოფისმა თავის ვებგვერდზე გენიალური ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ეს იყო რაღაც! ყველაფერი ეხებოდა რუსეთის აგრესიას. იწყება ჩვენი „აგრესია“ 2006 წლიდან, ლიტვინენკოს საქმით, როგორც ჩანს, მანამდე ვიყავით ნორმალური ქვეყანა, მერე ყველაფერმა ჩამოშლა დაიწყო.
ამის შემდეგ, მორიგ ფაქტად მოყვანილია 2008 წელი, კერძოდ, როგორც აღნიშნულია, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უპატივცემულობა. მართალია, აქამდე ამას საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას უწოდებდნენ, ახლა კი უწოდებენ რუსეთის უპატივცემულობას ამ ქვეყნის სუვერენიტეტისადმი, რადგან უკვე ხომ დამტკიცებულია, რომ აგრესია მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო.
ამის შემდეგი ეტაპია გერმანიის ოფიციალურ სტრუქტურებზე კიბერთავდასხმები, შემდეგ თვითმფრინავები, რომლებიც საჰაერო სივრცეს არღვევენ და ამ ყველაფერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სურათი მოჰყვება. ალბათ, იმისთვის, რომ ეჭვი არავის შეეპაროს, რომ ეს ყველაფერი მან პირადად დაგეგმა. მე ერთი კითხვა მაქვს, ამ ვიდეორგოლში რატომ არ ჩასვეს აშშ-ის არჩევნებში ჩარევა, რომელშიც გვადანაშაულებენ? რა გამოდის, ოფიციალურმა ლონდონმა აღიარა, რომ ამასთან კავშირი არ გვაქვს? ეს არის ნონსენსი, ლოგიკა არ მუშაობს!“ – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
ბრიტანეთის საგარეო უწყების Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში ნათქვამია, რომ „რუსეთი ამჟღავნებს ღია და აშკარა უპატივცემულობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“. ვიდეოში ნაჩვენებია წლების მიხედვით რუსეთის მიერ განხორცილებული აგრესია.

1tv.ge