პოლიტიკა
საქართველო არის ევროპული ცივილიზაცია და საქართველო შეძლებს, გახდეს ევროპული ოჯახის და ევროატლანტიკური გაერთიანების წევრი - აშშ-ის ელჩი იან კელი პატრიარქ ილია მეორეს „დამძიმებული გულით“ გამოემშვიდობა

     საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. საქართველო არის ევროპული ცივილიზაცია და საქართველო შეძლებს, გახდეს ევროპული ოჯახის და ევროატლანტიკური გაერთიანების წევრი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრაზე განაცხადა.
თქვენო უწმიდესობავ, ჩემი გული დამძიმებულია, რადგან ათ დღეში მივემგზავრები საქართველოდან.
საქართველო ყოველთვის ძალიან ახლოს იყო და არის ჩემს გულთან. შეიძლება იცით კიდეც, რომ სამი წლის წინ მე ვაპირებდი უკვე ჩემი დიპლომატიური საქმიანობის დასრულებას და როდესაც მივიღე ეს მართლაც არაჩვეულებრივი შემოთავაზება, რომ მემსახურა თქვენს ქვეყანაში, დავთანხმდი“, – მიმართა იან კელიმ პატრიარქს.
მისი თქმით, საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა, ქართველი ხალხიც და ქართველი ერიც განსაკუთრებულია.
მე ვთვლი, რომ მართლაც სასწაულია, თუ როგორ შეძლო საქართველომ, შეენარჩუნებინა თავისი თვითმყოფადობა, ვისი ენა, თავისი რელიგია, რადგან საუკუნეების მანძილზე იგი გარშემორტყმული იყო სხვა ინტერესების მქონე ძლიერი ქვეყნებით, და მიმაჩნია, რომ ამ სასწაულის ახსნა და პასუხი არის სწორედ საქართველოს ეკლესია. ეკლესია იყო ის საშუალება, რომლითაც ქვეყანამ შეძლო გადარჩენა კრიზისულ და დაპყრობით პერიოდებში.
მე მინდა, პატივი მივაგო საქართველოს ეკლესიას და პირადად თქვენ, თქვენო უწმიდესობავ, რადგან თქვენი როლი არის უდიდესი საქართველოს გადარჩენაში, მისი დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
იან კელის განცხადებით, მას ახსოვს მოსკოვში 1989 წლის მოვლენების განვითარებისას პატრიარქის როლი, თუ როგორ ცდილობდა, ხელი შეეშალა და აღეკვეთა სისხლისღვრა საქართველოში.
აშშ-ის ელჩმა პატრიარქს დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა უსურვა.
აღვნიშნავ იმასაც, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა და პარტნიორობა მეტად მაღალ დონეზეა მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის სიტყვები, როდესაც მან გაიხსენა თავისი ვიზიტი საქართველოში და განსაკუთრებით სიონის ეკლესიაში: ,,ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, ჩვენ ვიქნებით თქვენ გვერდით და ეს მხოლოდ სიტყვები არ არის.“

ამერიკის შეერთებულ შტატებს ბევრი რამ აღაფრთოვანებს საქართველოში, თუმცა ჩვენი მხარდაჭერის ძირითადი მიზანი არის ის, რომ დავუჭიროთ მხარი საქართველოს წარმატებას, დავუჭიროთ მხარი საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას, რომელიც იცავს პრინციპს ქვეყანამ თვითონ განსაზღვროს საკუთარი გზა“, – განაცხადა იან კელიმ.
მისი თქმით, აშშ-ისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მიაღწიოს წარმატებას, როგორც მოდელმა ტოლერანტობისა და მოდელმა დემოკრატიული მმართველობისა.
საქართველო არის ევროპული ცივილიზაცია და საქართველო შეძლებს, გახდეს ევროპული ოჯახის და ევროატლანტიკური გაერთიანების წევრი. მე ღრმად მჯერა ამის.
როდესაც პირველად ჩამოვედი საქართველოში, ეს იყო რამდენიმე ათწლეულის წინ, 1976 წელს, გაოცებული დავრჩი, როდესაც დავინახე ერთმანეთის გვერდიგვერდ მეჩეთი, სინაგოგა, სომხური ეკლესია. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპა და ევროპული ცივილიზაცია, ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი მხრიდან ამ მისწრაფებებში დახმარებისათვის“, – განაცხადა იან კელიმ და აღნიშნა, რომ ის ჩიკაგოს უნივერსიტეტში გააგრძელებს მოღვაწეობას, იქ საცხოვრებლად გადავა და 14 მაისს, აშშ-ში საქართველოს ელჩთან დავით ბაქრაძესთან ერთად, ჩიკაგოში საქართველოს შესახებ პრეზენტაციას მოაწყობს.
მე, რა თქმა უნდა, საქართველოსთან კავშირში დავრჩები და აუცილებლად გვექნება დიდი სურვილი, რომ დავბრუნდეთ ხოლმე, მეც და ფრანჩესკაც.
თქვენო უწმიდესობავ, ჩვენ მოგიხსენიებთ თქვენ, მოვიხსენიებთ საქართველოს ჩვენს ლოცვებში და თქვენც გთხოვთ, რომ მოგვიხსენიოთ თქვენს ლოცვებში“, – მიმართა იან კელიმ პატრიარქს.
იან კელი მეუღლესთან ერთად დღეს საპატრიარქოს გამომშვიდობების მიზნით ესტუმრა, რადგან უახლოეს მომავალში ის დიპლომატიურ კარიერას დაასრულებს.