აქტუალური
გიორგი კვირიკაშვილს კარგად ესმოდა, რომ მისი განცხადება სარისკო ნაბიჯი იყო, მაგრამ როდესაც პოლიტიკოსი ხარ, რისკზეც უნდა წახვიდე - საქართველოში საფრანგეთის ელჩი

     საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. გიორგი კვირიკაშვილს კარგად ესმოდა, რომ მისი განცხადება სარისკო ნაბიჯი იყო, მაგრამ როდესაც პოლიტიკოსი ხარ, რისკზეც უნდა წახვიდე – საქართველოში საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე ამ განცხადებით პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვას გამოეხმაურა.
პასკალ მენიემ საქართველოში საფრანგეთის საელჩოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს აქვს წითელი ხაზები – ეს არის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება.
ჟენევის მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. გვესმის ისიც, რომ მოსახლეობა არ შეიძლება, იყოს პოლიტიკური მოვლენების მსხვერპლი. ამის გათვალისწინებით ჩვენ გვესმის ის ამბიციური ჩართულობა და ნაბიჯები, რომელიც შეიძლება გადადგას საქართველოს ხელისუფლებამსამხრეთ ოსეთისადა აფხაზეთის მოსახლეობის სასარგებლოდ.
როდესაც პოლიტიკოსი ხარ, რა თქმა უნდა, რისკზეც უნდა წახვიდე და რა თქმა უნდა, ბატონ კვირიკაშვილს კარგად ესმოდა, რომ მისი განცხადება სარისკო ნაბიჯი იყო. საქართველოს აქვს წითელი ხაზები, რომელსაც ჩვენც ვიზიარებთ, ეს არის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება, მაგრამ, ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ეს არის ჟესტი, რომ ნელ-ნელა დაიძრას ქმედებები და საპასუხოდ რუსეთისგან და დე ფაქტო მმართველების მხრიდან პოზიტიურ ნაბიჯებს ველოდებით“, – აღნიშნა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას 12 მარტს უპასუხა. როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მოსკოვში პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებას ყურადღებით გაეცნენ და კმაყოფილებას გამოხატავენ მიმართვაში გამოთქმულ განწყობებთან დაკავშირებით.