რელიგია
იგეგმება დისკრედიტაციის ახალი ტალღის აგორება ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ! - საქართველოს საპატრიარქოს განცხადება და „საქინფორმის“ გაფრთხილება

     საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი.
„არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ყოველთვის მიმდინარეობდა და მიმდინარეობს, მაგრამ ბოლო პერიოდის მოვლენებმა აჩვენა, რომ პროცესები მიზანმიმართულ მწვავე სახეს იღებს, რისი გამოვლინებაცაა თუნდაც 25 მილიონის და ჯიპების თემა, საარჩევნო კამპანიის მთელი პერიოდის მანძილზე რესპუბლიკური პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებები და, რა თქმა უნდა, ციანიდის საქმეც”.

რატომ ხდება ეს?

გარკვეული ძალებისთვის ყოვლად მიუღებელია მაღალი ავტორიტეტი და რეიტინგი;
მათთვის ასევე მიუღებელია, რომ ეკლესია იცავს ოჯახის სიწმინდეს, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ეროვნულ და ტრადიციულ ღირებულებებს, ზრუნავს მომავალი თაობის სწორად აღზრდისთვის; მიუღებელია, რომ ეკლესია ეწინააღმდეგება ელგებეტეპირთა ცხოვრების წესის ნორმად გამოცხადებას, პროტესტს უცხადებს ნარკოლიბერალიზაციის არასწორ, სახიფათო ფორმებს და აზარტული თამაშების პროპაგანდას; რომ იგი იღვწის, წმინდა მამათა მიერ დადგენილ კანონთა შესაბამისად, მართმადიდებლური სწავლების დაცვისთვის და ა.შ.
მეტად მნიშვნელოვანია ისიც, რომ დიდია მცდელობა იმისა, ეკლესია ჩართონ და გამოიყენონ პოლიტიკურ თამაშებში.
როგორც ჩანს, აქამდე განხორციელებულმა ქმედებებმა ზოგიერთისთვის სასურველი შედეგი მაინც ვერ გამოიღო და ამიტომაც, ჩვენი ინფორმაციით, იგეგმება დისკრედიტაციის ახალი ტალღის აგორება და არ არის გამორიცხული, რომ ბინძური კამპანიის წარმოება განხორციელდეს უმაღლესი იერარქის მიმართაც და ამაში სასულიერო პირებიც იქნან გამოყენებულნი.
მივმართავთ ყველას, ვისაც გული შესტკივა ქვეყნისა და ეკლესიისათვის, გამოიჩინონ კეთილგონიერება, არ აყვნენ ცილისწამებებს, პროვოკაციებსა და მიზანმიმართულ ბოროტ ქმედებებს.
ვფიქრობთ, მალე გაირკვევა, სინამდვილეში ვის რა მიზანი ამოძრავებს და ეს რას ემსახურება.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კი, უფლის მადლით, იყო, არის და იქნება ღვთისა და ერის სამსახურში და, მიუხედავად დიდი ზეწოლისა, ქვეყნისა და ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვას არასოდეს შეწყვეტს; განხორციელებული შემოტევები კი მას უფრო განამტკიცებს და გააძლიერებს.

ღმერთმა დაგლოცოთ.“

„საქინფორმი“ ვარაუდობს, რომ დისკრედიტაციის ახალი ტალღა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და მისი წინამძღოლის წინააღმდეგ ორგანიზებულია და იმართება საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, მისი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის გარკვეულ სახელმწიფო სტრუქტურებზე დაყრდნობით. წმინდა სინოდის წევრების კონკრეტული ჯგუფის გამგზავრება ვაშინგტონში, ბრიუსელსა და სტრასბურგში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და კონგრესში, პენტაგონში და ნატოს შტაბბინაში კონსულტაციებისთვის, რაც ორგანიზებული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ (CDD) მიერ, აგრეთვე საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოში ცოტა ხნის წინ გამართული მათი კონფიდენციალური შეხვედრა საქართველოში აკრედიტებულ დასავლეთის ქვეყნების დიპლომატებთან - ამისი მკაფიო დადასტურებაა.
ქადაგებების დროს ანტირუსული პროპაგანდის წარმოება მხოლოდ ერთ-ერთი თემა გახლდათ ამ შეხვედრებზე, რომელთა შესახებ გამუდმებით იუწყება საქინფორმი რუბრიკაში
„რელიგია“. საქინფორმის ვარაუდით, იქ იგეგმებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის ახალი კამპანია, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის და მასთან დაკავშირებული მღვდელმთავრების წინააღმდეგ სკანდალური ფაქტების გავრცელებით დაიწყება. სავარაუდოდ, „ფაქტებს“ სააკაშვილის ზემოხსენებული ტელევიზია „რუსთავი 2“, პირადად მისი გენერალური დირექტორი და სააკაშვილის უახლოესი თანამოაზრე ნიკა გვარამია გაასაჯაროებს დეკანოზ გიორგი მამალაძეზე დაყრდნობით, რომელიც სასჯელს იხდის კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის (ან მისი რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის) კალიუმის ციანიდით მოწამვლის მცდელობის ბრალდებით.
სკანდალური, საქართველოს ეკლესიისა და მისი მღვდელმთავრების შემარცხვენელი ინფორმაციის გავრცელება თავად ნიკა გვარამიამ დააანონსა გასულ სამშაბათს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თოქშოუ „არჩევანში“. ამავე გადაცემიდან შევიტყვეთ, რომ ნიკა გვარამია - საქართველოს გენპროკურორის მოადგილე სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს - მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ახალი ადვოკატი გახდა და ეს „შოკის მომგვრელი კომპრომატი“ სწორედ მან გაუზიარა.