საზოგადოება
ნება მიბოძეთ, ვთქვა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, მაგრამ არ ვიცი, როდის - იან კელი

     საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა იან კელიმ „ფეისბუქ“ კონფერენციისას საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე დასმულ შეკითხვას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის სიტყვებით უპასუხა – ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას ნატოში და ვიქნებით თქვენ გვერდით, სანამ ეს არ მოხდება“.
ამასთან, როგორც იან კელიმ აღნიშნა, 20 წელიწადში საქართველო გახდა დამოუკიდებელი და ქვეყანა გახდება ნატოს წევრი.
მე ვიცხოვრე ორჯერ საბჭოთა კავშირში და მაშინ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ბერლინის კედელი დაეცემოდა; 1976 წელს, როდესაც პირველად ჩამოვედი აქ, ვინმეს რომ ეკითხა, რა დრო დასჭირდება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ეჭვის თვალით შევხედავდი. ჩვენ ვხედავთ, რომ 20 წელიწადში საქართველო გახდა დამოუკიდებელი“, – განაცხადა ექსელჩმა.
მისი თქმით, საქართველომ უნდა განაგრძოს განვითარება.
ნება მიბოძეთ, ვთქვა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, მაგრამ არ ვიცი, როდის. ჩემი აზრით, მთავარია, რომ საქართველომ გააგრძელოს განვითარება. მე გავიმეორებდი ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის სიტყვებს - ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას ნატოში და ვიქნებით თქვენ გვერდით, სანამ ეს არ მოხდება“, – აღნიშნა კელიმ.