საზოგადოება
ოპოზიციაში, არასამთავრობო სექტორშიც არის ხალხი, რომელმაც 2008 წელს ვერაფერი გააკეთა, რომ არ მომხდარიყო ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია - მიხეილ ჯანელიძე

     საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. ოპოზიციაში და მათ შორის არასამთავრობო სექტორში არის ის ხალხი, რომელმაც 2008 წელს ვერაფერი გააკეთა, რომ არ მომხდარიყო ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, ჩვენი რეგიონების აღიარება რუსეთის ფედერაციის და მათზე დამოკიდებული კიდევ რამდენიმე რესპუბლიკის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ოპოზიციის კრიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა.
აქედან გამომდინარე, ჯანელიძის შეფასებით, ამ ხალხს არანაირი უფლება არა აქვს, დღეს ილაპარაკოს იმ გზებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, დეოკუპაციას და სუვერენიტეტს უკავშირდება.
ჩვენ, რა თქმა უნდა, არ უნდა ველოდოთ და არც ველოდებით, რომ რუსეთი ერთ დღეში შეიცვლის თავის პოლიტიკას, ის ერთ დღეში მოახდენს ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას და, ასევე, გახდება კონსტრუქციული. თუმცა იმედი გვაქვს. მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის მხრიდან შესაძლო კონსტრუქციულობით ჩვენ შევძლებთ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზების მოძიებას“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ამასთან, მისი თქმით, აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგი უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს, მიმდინარეობდა 90-იან წლებშიც, 2008 წლის შემდეგაც და დღესაც.
ჩვენი მიზანია, რომ ეს დიალოგი იყოს კიდევ უფრო აქტიური, კიდევ უფრო შედეგზე ორიენტირებული და შედეგი არის შერიგება. შედეგი არის საოკუპაციო ხაზით გაყოფილი საზოგადოების გაერთიანება და იმ დიდი ტრავმების მოშუშება, რომელიც ჩვენ გვაქვს და კიდევ ერთხელ ვამბობ, ამისათვის ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს“, – განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხება დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, ისინი 2008 წლის შემდეგ წარმოდგენილი არიან ჟენევის დისკუსიებში.
ანუ აფხაზების და ოსების წარმომადგენლები მონაწილეობენ ამ დისკუსიებში 2008 წლის შემდეგ, პირველივე რაუნდიდან, ეს შეხვედრები იმართება სამუშაო ფორმატში, სადაც წარმოდგენილი არიან დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები“, – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.