პოლიტიკა
რუსეთის მხარე ცდილობს, გაემიჯნოს ამ ტრაგიკულ ფაქტს და მხოლოდ მწუხარებას გამოთქვამს - სპეცწარმომადგენელი აბაშიძე

     საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
ქართულმა მხარემ პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო ბერკეტი გამოიყენა იმისათვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დროულად გადაეცათ ოჯახის წევრებისათვის და გაეთავისუფლებინათ ჩვენი მოქალაქეები. სამწუხაროდ, მხოლოდ ნაწილობრივ მივაღწიეთ შედეგს. მხედველობაში მაქვს, რომ გუშინწინ ჩვენი ორი მოქალაქე გათავისუფლდა. პრემიერმა ის ნაბიჯიც კი გადადგა, რომ მიმართა რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
რუსეთის საგარეო უწყების აღნიშნულ კომენტარში რუსეთის მხარე ცდილობს, გაემიჯნოს ამ ტრაგიკულ ფაქტს და გამოთქვამს მხოლოდ მწუხარებას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ზოგადი კომენტარები და ზოგადი პასუხები, არამედ კონკრეტული ნაბიჯი, მხედველობაში გვაქვს, უპირველეს ყოვლისა, ცხედრის დროულად გადაცემა ოჯახისათვის. რუსეთის მხარე ვერანაირად ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა და მოთხოვნა მის მიმართ არის კონკრეტული, სასწრაფოდ მოხდეს ცხედრის გადაცემა ოჯახისათვის“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.