პუბლიკაციები
საქინფორმი აქვეყნებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 12 მარტის კომენტარის ქვეტექსტს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გ. კვირიკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით - ექსკლუზივი

     საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის კომენტარის ქვეტექსტი

ღრმად პატივცემულო გიორგი ჯემალის ძევ!

მშვენივრად მივხვდი ა.წ. 9 მარტის თქვენი განცხადების ქვეტექსტს და მოხარული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ბოლოს და ბოლოს, ანგარიში გაუწია თავისი ხალხის სურვილს - დაიწყო საქართველო-რუსეთის მეგობრობის აღდგენა, რომელიც ორ საუკუნეზე მეტს ითვლის. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ეს პრაგმატული გადაწყვეტილება დამოუკიდებლად იქნა მიღებული საქართველოს პროდასავლური მთავრობის მიერ, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ.

რუსებისა და ქართველების სიყვარული მოიტანა საერთო ისტორიამ და ჩვენი კულტურების ურთიერთშეღწევამ, დიდი სამამულო ომის მონაწილეთა გმირობამ, რომელთა შორის საქართველოს 350 ათასზე მეტი შინმოუსვლელი შვილია. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, საქართველო რუსეთის სამხრეთ ფლანგზე მდებარეობს, ჩვენ ასეულობით კილომეტრი საერთო საზღვრები გვაქვს, ხოლო თავისი გეოსტრატეგიული მდებარეობით საქართველო კავკასიის „გასაღებია“. სწორედ ამიტომ მიიწევდნენ მისკენ ფაშისტები და სხვა უცხოტომელი დამპყრობლები. სწორედ ამიტომ გვჭირდება ჩვენ აყვავებული, ოკეანის გაღმიდან მოწყალებისგან დამოუკიდებელი, სტაბილური და სუვერენული საქართველო, რომელსაც რუსეთი, თუ ამისი სურვილი ქართველ ხალხს ექნება, მტრებისგან უკეთ დაიცავს, ვიდრე ნატო.

გიორგი ჯემალის ძევ, შევდივარ თქვენს რთულ მდგომარეობაში და კარგად მესმის თქვენი, როგორც ქართველის, მაგრამ თქვენც გამიგეთ! რუსეთი საკუთარი თავის პატივისმცემელი სახელმწიფოა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში გაიწვევს უკან - თუ თქვენ, ქართველები, აფხაზებსა და ოსებთან შეთანხმდებით, რომ ერთად, ერთ სახელმწიფოში იცხოვროთ. ჩვენ ეს მხოლოდ გაგვიხარდება!

მაგრამ მათზე ზეწოლას არ ვაპირებთ. ისინი დამოუკიდებელი სახელმწიფოები და ჩვენი მეგობრები არიან, რომლებსაც მათივე თხოვნით ვიცავთ. დანარჩენი ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება. ასევეა ტატუნაშვილის შემთხვევაში - თქვენ კარგად იცით, როგორ ვცემთ პატივს საქართველოს პატრიარქ ილია მეორეს, როგორ უყვარს თავისი ქრისტესმიერი ძმა რუსეთის პატრიარქ კირილს, მაგრამ მისი თხოვნის მიუხედავადაც კი, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება მის მიერ დადგენილი რეგლამენტით მოქმედებს.

დამიჯერეთ - პირველი კონსტრუქვიული ნაბიჯი საქართველოს მხრიდან უნდა გახდეს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა ჟენევის მოლაპარაკებებზე მარტის ბოლოს. ამისი ალტერნატივა დღეს არ არსებობს.

ღრმა პატივისცემით,
ვლადიმერ პუტინი