პოლიტიკა
აშშ-ის ელჩმა იან კელიმ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დახურულ შეხვედრაზე „რუსეთზე და სამხრეთ ოსეთში მოვლენებზე“ ილაპარაკა

      საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. „საქართველოს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე განვიხილეთ ის გამოწვევები, რის წინაშეც საქართველო დგას, ის გზები და საშუალებები, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენ დავეხმაროთ საქართველოს ამ გამოწვევებთან გამკლავებაში“, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართული დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში. კიდევ ერთხელ მქონდა საშუალება, გამომეხატა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. რაც შეეხება კითხვებს, ჩვენ სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ, ასევე განვიხილეთ ის გამოწვევები, რის წინაშეც საქართველო დგას, ის გზები და საშუალებები, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენ დავეხმაროთ საქართველოს ამ გამოწვევების გადაჭრაში“, – განაცხადა კელიმ.
აშშ-ის ელჩის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთთან ურთიერთობის საკითხსა და ოკუპირებული რეგიონების თემას. იყო საუბარი რუსეთთან ურთიერთობაზე, ასევე სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებზე. განვიხილეთ საკითხი, თუ როგორ უნდა დავუჭიროთ მხარი საქართველოს პარლამენტს, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ხალხს, რათა პარლამენტმა არამარტო წარმოადგინოს თავისი ამომრჩევლები, არამედ განახორციელოს ზედამხედველობა მთავრობაზე და მათ მოქმედებებზე. მე მალე მივემგზავრები საქართველოდან და ეს ასევე იყო შეხვედრა, რომელზეც დავემშვიდობე მათ“, – აღნიშნა იან კელიმ.
როგორც შეხვედრის დაწყების წინ კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ განაცხადა, კომიტეტის ფარგლებში მსგავსი სახის პირველი შეხვედრა იმართება. მისი თქმით, შეხვედრის ფარგლებში ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ თანამშრომლობაზე საინტერესო დისკუსია გაიმართება. საინტერესო იქნება ელჩის შეფასებები ორ ქვეყანას შორის წარმატებულ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, რომელიც ყოველწლიურად უფრო და უფრო მყარდება“,განაცხადა ქაცარავამ.
„არავის ესმის, რატომ ფერხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა“, – განუცხადა ჟურნალისტებს იან კელიმ შეხვედრის მერე. მისი თქმით, ამ საკითხს ორი მიმართულება აქვს, ჰუმანიტარული და პოლიტიკური. პირველი - ესაა ჰუმანიტარული საკითხი. ნამდვილად შემაძრწუნებელია ის ფაქტი, რომ ოჯახმა ცხედარი ვერ მიიღო, მათ ცხედარი არ დაუბრუნეს და ვერ მოახერხეს დაკრძალვა ისე, როგორც წესი და რიგია. არ მესმის და არც არავის ესმის, რატომ ხდება შეფერხება ცხედრის დაბრუნებასთან დაკავშირებით.
მეორე კი არის პოლიტიკური საკითხი. აუცილებელია, ჩატარდეს გამოძიება იმ გარემოებებისა, რასაც ადგილი ჰქონდა, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით არსებობდეს ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ანალოგიური იყო ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე, როცა არ დამდგარა პასუხისმგებლობა. საერთაშორისო საზოგადოებისა და ყველას ყურადღება მიპყრობილია აქეთკენ და პაუხისმგებლობა უნდა არსებობდეს“, – განაცხადა კელიმ.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებით, თუ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის რეაქცია ორპარტიული იქნება, რეზოლუციის პროექტს მეტი ძალა ექნება. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამასთან დაკავშირებით პარლამენტს გარკვეული რეაქცია ჰქონდეს და თუკი ეს რეაქცია ორპარტიული იქნება, მით უფრო მეტი ძალა ექნება. რეზოლუცია მიმართული უნდა იყოს პასუხისმგებლობისკენ. ჩვენ მზად ვართ, საქართველოს ხელისუფლებას ნებისმიერ ძალისხმევაში დახმარება აღმოვუჩინოთ”, – განაცხადა იან კელიმ.
პარლამენტში ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საკითხთან დაკავშირებით წარდგენილია რეზოლუციის ორი პროექტი, ერთი უმრავლესობის მიერ მომზადებული, მეორეუმცირესობის. დოკუმენტის ერთიან ტექსტზე შეთანხმების მიზნით პოლიტიკურ ძალებს შორის კონსულტაციები ამ დრომდე გრძელდება.

მომზადებულია „პირველი არხის“ მასალებზე დაყრდნობით