საზოგადოება
ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას - ილია II

     საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოებასთან და ფსიქოლოგებთან შეხვედრისას განაცხადა. პატრიარქის თქმით, სურს, რამდენიმე შეხვედრა კიდევ მოაწყონ და იმსჯელონ, „როგორ ვუშველოთ ხალხს“.
“თქვენ მოგეხსენებათ, რომ უარყოფითი ამბები მოდის, ხდება ნეგატური მოვლენები. ახალგაზრდობა არის ჩაბმული ამაში. სიძულვილი რით აიხსნება? ზოგიერთი ფიქრობს, რომ სოციალური მდგომარეობაა მძიმე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რაღაც უფრო მეტია, უფრო ძლიერი. ბიბლიაში წერია, რომ ბოლო დროს, იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, ბოროტი სული, ეშმაკი გააძლიერებს თავის ზეგავლენას. რა თქმა უნდა, თვითონ ადამიანის მონაწილეობით. თუ ადამიანს არ უნდა და სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს, ეშმაკი ვერაფერს დააკლებს და მე მინდა, რომ რამდენიმე შეხვედრა მოვაწყოთ და ვიმსჯელოთ, როგორ ვუშველოთ ხალხს. უპირველეს ყოვლისა, უნდა გაძლიერდეს ჩვენი ლოცვა და გთხოვთ ფსიქოლოგებს, რომ გამოთქვათ თქვენი აზრი ამის შესახებ.
მე ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას. ეს ჰგავს დაგორებულ ლოდს, ქვას, აი, მთიდან რომ დაგორდება და ვეღარ გააჩერებ, აი, ამას ჰგავს დღევანდელი მდგომარეობა. მე მინდა, რომ მოხსენება კი არ იყოს ჩვენი ფსიქოლოგების, აი, საუბარი გაიმართოს. აქტიური მონაწილეობა თქვენც უნდა მიიღოთ, მეც და სხვებმაც. ღმერთმა ინებოს, რომ გამოვსწორდეთ“, - აღნიშნა პატრიარქმა შეხვედრის დასაწყისში.