საზოგადოება
რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობისთვის მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ურჩია? - საქინფორმი

     საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყება, 9 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელმძღვანელობას მიმართა, მოლაპარაკებისთვის, აგრეთვე, აფხაზებთან და ოსებთან დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა და მომავალში „სხვა გონივრული ნაბიჯების გადადგმასაც“ დაჰპირდა, თუ მოსკოვში მის ხმას გაიგონებენ.
მკითხველებს შევახსენებთ, რომ საქართველოსთან დიალოგისთვის მზადყოფნა ბოლო 10 წლის განმავლობაში 08.08.08. ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ არაერთხელ გამოთქვა, რასაც საქართველოს ხელისუფლება სამარისებური დუმილით პასუხობდა. მაგრამ, როგორც ჩანს, დროება შეიცვალა გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, როდესაც 2018 წლის 1 მარტს პუტინმა მსოფლიოს ახალი რუსული იარაღი წარუდგინა მოწოდებით: „ჩვენ არ გვისმენდნენ. ახლა მოგვისმინეთ“.
პუტინს აშშ-ში მოუსმინეს და, როგორც ჩანს, საქართველოსაც ურჩიეს, მოესმინა: პრემიერ კვირიკაშვილის კრემლისადმი მიმართვის წინა დღეს, კერძოდ, 2018 წლის 8 მარტს შედგა მისი სატელეფონო საუბარი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვეს მიტჩელთან.
ვეს მიტჩელმა საუბრისას აღნიშნა, რომ ძალიან აფასებს აშშ-საქართველოს პარტნიორობას.
მისი შეფასებით, საქართველო რეგიონში ლიდერია განხორციელებული რეფორმების კუთხით და განსაკუთრებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის როლი რეფორმის პროცესში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით, გამოთქვა საქართველოსადმი სრული მხარდაჭერა იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომელთა წინაშეც ქვეყანა დგას. მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი დეტალურად არის ინფორმირებული რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე.
პრემიერ-მინისტრმა სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის აშშ-სთან პარტნიორობა უმაღლესი პრიორიტეტია; გასული 2017 წელი კი აშშ-საქართველოს პარტნიორობის თვალსაზრისით სამაგალითო იყო.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო არის აშშ-ის ერთგული პარტნიორი რეგიონში. ასევე, საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივ თანამშრომლობასა და ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, აშშ-ის როლს ნატოს მომავალი სამიტისთვის საქართველოს მხარდაჭერის კონსოლიდაციის მიმართულებით.
სატელეფონო საუბრისას აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს ვაშინგტონში, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში მორიგი შეხვედრის გამართვა იგეგმება, რომელზეც კიდევ ერთხელ იქნება განხილული აშშ-საქართველოს პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.