საზოგადოება
დეკანოზ მამალაძის სკანდალური წერილი ციხიდან "კურიერს" და მსჯავრდებულის შეხვედრა მეუფე გრიგოლთან

     საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. ე.წ. ციანიდის სკანდალის შემდეგ გასამართლებულ დეკანოზთან საკანში დღეს პირველად წმინდა სინოდის გავლენიანი მღვდელმთავარი შევიდა. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი მატროსოვის ციხეში 3 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
ინფორმაცია, რომელზეც მეუფე გრიგოლს ლაპარაკი არ უნდა, ციხის საკანში სამსაათიან შეხვედრაზე მამა გიორგი მამალაძემ მიაწოდა. მღვდელმთავარმა განაცხადა მხოლოდ, რომ დეკანოზი მამალაძე გარემოებათა მსხვერპლია.
მამა გიორგი მამალაძემ „კურიერს“ სამგვერდიანი წერილი გამოუგზავნა, სადაც ის საერო და სასულიერო ხელისუფლებას აკრიტიკებს და წერს, რომ ეკლესიასა და მთავრობაში ქვეყნის მტრები არიან.
გზავნილში მამა გიორგი მამალაძე წერს, თუ რა გარიგებას სთავაზობდნენ მას საერო და სასულიერო პირები თავისუფლების სანაცვლოდ, როგორ ემუქრებოდნენ, თუ ის მათთან გარიგებაში არ შევიდოდა.
ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას შემდეგ მეუფე გრიგოლი მეორე მღვდელმთავარია, რომელმაც ღიად თქვა, რომ დეკანოზი მამალაძე მსხვერპლია და საქმე ბურუსით არის მოცული.
პატიმარი მღვდლის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ კიდევ ერთი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის განცხადება საკმარისი გარემოებაა იმისთვის, რომ საზოგადოება დეკანოზის უდანაშაულობაში დარწმუნდეს.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი პატიმრობაში მყოფ მღვდელთან ციხეში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ შევიდა.