სამართალი
შვიდი შვილის მამა სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თვითმკვლელობით იმუქრება

mamukelashviliთელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში მცხოვრები შვიდი შვილის მამა ალექსანდრე მამუკელაშვილი, პროტესტის ნიშნად, სოციალური მომსახურების სააგენტოს თელავის განყოფილებასთან თვითმკვლელობით იმუქრება. ალექსანდრე მამუკელაშვილის თქმით, უკიდურესად მძიმე სოციალურ - ეკონომიკური პირობების მიუხედავად, სააგენტომ, გადამოწმების მიზნით, საარსებო შემწეობა 7 თვის წინ შეუწყვიტა და ოჯახი ამ დრომდე არ გადაუმოწმებია.

ალექსანდრე მამუკელაშვილს 7 შვილი ჰყავს, აქედან 6 მცირეწლოვანია. მათ შორის 3 ბავშვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი აქვს. თავად ალექსანდრე მამუკელაშვილიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. მამუკელაშვილების ოჯახი 2 პატარა ავარიულ ოთახში, რთულ პირობებში ცხოვრობს. „არაერთხელ მივედი სააგენტოში და ვთხოვე მათ, ყურადღება დროულად მომაქციონ, მაგრამ მხოლოდ ბავშვების გაშვილობილების პროგრამაში ჩართვას მთავაზობენ. ადგილობრივ ხელისუფლებასაც მივმართე, მაგრამ ყურადღება არც მათ მომაქციეს. წამლები რომ ვიყიდო იმის ფულიც არ მაქვს და 5 ბავშვი ავად არის. უნდა მივიდე და სააგენტოსთან თავი მოვიკლა. იქნებ, მერე მაინც დაუნიშნონ ჩემს ოჯახს დახმარება და ბავშვები შიმშილით სიკვდილისგან ვიხსნა“, - განუცხადა ალექსანდრე მამუკელაშვილმა.

P. S. საარსებო შემწეობის გარეშე დარჩენილი მრავალშვილიანი ოჯახის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ფოტორეპორტაჟი 4 თებერვალს მოამზადა. მაშინ სოციალური მომსახურების სააგენტოს თელავის განყოფილების ხელმძღვანელმა თამარ ნოღაშვილმა განაცხადა, რომ სოციალური აგენტი ოჯახს დაუყოვნებლივ გადაამოწმებდა, თუმცა უშედეგოდ.